ზურაბ აზარაშვილი - ელექტრონული რეცეპტების ბაზა არის ის ქვაკუთხედი, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს კონტროლი სხვადასხვა ღონისძიების გატარების შემდეგ
ელექტრონული რეცეპტების ბაზა არის ის ქვაკუთხედი, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს კონტროლი სხვადასხვა ღონისძიების გატარების შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ყველა ექიმი ვალდებულია, ელექტრონული რეცეპტების ბაზაში გამოწეროს ნებისმიერი მედიკამენტი, რაც ჩვენ ბაზაში აისახება. უკვე თვალნათლივ ვხედავთ, ვინ რას წერს და მერე ფარმაცევტი რას სთავაზობს ან რას გასცემს“, – განაცხადა აზარაშვილმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რა პრობლემას უპასუხა ელექტრონული რეცეპტების სისტემაზე გადასვლამ, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში, ფასწარმოქმნაში საკმაოდ დიდი მარჟაა იმის, თუ რა შეიძლებოდა, მარკეტინგულად გადაეხადა ფარმაცევტულ კომპანიას, თუ იმპორტიორს წახალისების მიზნით, როგორც ექიმისთვის, ისე ფარმაცევტისთვის და ამიტომ, ძირითადად, ხდებოდა ბრენდული მედიკამენტების გამოწერა, რაც სხვა ანალოგებთან შედარებით საკმაოდ ძვირია.
„ვისაც უფრო კარგი მარკეტინგი ჰქონდა, ფასი იყო უფრო ძვირი, მაგრამ ეს პირდაპირპროპორციულად არ არის დაკავშირებული მკურნალობასთან და შედეგიანობასთან. ზუსტად იგივე მედიკამენტი ხუთჯერ, ათჯერ უფრო იაფი შეიძლება, იყოს და ზუსტად იგივე ეფექტი ჰქონდეს, რაც იმ ბრენდულ წამალს. რაც ჩვენ გავაკეთეთ და, რასაც 11 აპრილიდან უკვე სავალდებულოდ ვიწყებთ, არის ის, რომ ნებისმიერი ექიმი, ვინც ფორმა 2-ის ჯგუფის მედიკამენტს გამოწერს, ვალდებულია, გენერიკული დასახელება მიუთითოს, ხოლო შემდეგ, როცა პაციენტი აფთიაქში მივა, ფარმაცევტი შესთავაზებს გენერიკული დასახელებით ყველაზე იაფ მედიკამენტს. თუ მომხმარებელი შეთავაზებაზე თანახმა არ იქნება, შეუძლია, გაცილებით ძვირადღირებული ბრენდიც აირჩიოს, ან სხვა კონკრეტული მედიკამენტი“, – განაცხადა აზარაშვილმა.
ზურაბ აზარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა პოზიტიური მედიკამენტების სია და როდესაც ექიმი გენერიკს გამოწერს, ფარმაცევტი ვალდებულია, ამ გენერიკის საფუძველზე პოზიტიური მედიკამენტების სიიდან პაციენტს სამი ყველაზე იაფი შესთავაზოს.
„ჩვენს მოსახლეობას შევთავაზეთ ის, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ ფასწარმოქმნა და მედიკამენტებზე იყოს სამართლიანი ფასები. ასევე, პასუხისმგებლობას ვიღებთ ხარისხზე. პირველ სამ, ყველაზე იაფ შეთავაზებაში რა მედიკამენტიც მოხვდება, არის საერთაშორისო მაღალრეიტინგული და მკაცრი რეგულაციების მქონე ქვეყნებიდან იმპორტირებული; ასევე არის ჩვენი რეგულატორის მიერ გადამოწმებული და პოზიტიური მედიკამენტების სიაში მოხვედრილი 3 000-ზე მეტი მედიკამენტი სრული სანდოობითა და ხარისხით არის უზრუნველყოფილი“, – განაცხადა აზარაშვილმა.
გიორგი გვიმრაძის კითხვაზე, მოაწესრიგებს თუ არა რეფორმა ჭარბი წამლის გამოწერის პრობლემას, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ ექიმი პაციენტს დანიშნულების გარდა კიდევ სხვა ბევრ მედიკამენტს გამოუწერს, ამაზე ინსპექტირების სამსახური მკაცრად რეაგირებს და ექიმს თავიდან გაფრთხილებას მისცემს, მერე კი, თუ ექიმი არაკეთილსინდისიერად წერს იმაზე მეტ მედიკამენტს, ვიდრე პაციენტს სჭირდება, ჯანდაცვის სამინისტრო სანქციებს გამოიყენებს.