ზურაბ აზარაშვილი - ჩვენ უნდა მივიდეთ მედიკამენტების უფრო სამართლიან, გამჭვირვალე ფასწარმოქმნამდე
ჩვენ უნდა მივიდეთ მედიკამენტების უფრო სამართლიან, გამჭვირვალე ფასწარმოქმნამდე, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში თურქეთიდან შემოსულია 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, ჯამში 600 000-ზე მეტი კოლოფი, თუ შეფუთვა. ეს არის იმ სხვა, ალტერნატიული მედიკამენტების ჩანაცვლება ზუსტად იგივე დასახელებებით, ან შემცვლელებით, რაც სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდიოდა და საკმაოდ ძვირ ფასად. ეს არის ჩვენი ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობის პროექტის ერთ-ერთი ეტაპი. ამას უნდა მოჰყვეს სხვადასხვა ღონისძიება, რაც სამოქმედო გეგმაში გვაქვს გაწერილი და, რაც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ვადებით. ეს ყველაფერი, ერთობლიობაში, დაასტაბილურებს, როგორც თურქეთიდან წამლის იმპორტს, მის ხარისხს და ფასს, ასევე სხვა ქვეყნებიდან იმპორტის შემთხვევაშიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პირობებს და უფრო სამართლიან, გამჭვირვალე ფასწარმოქმნამდე უნდა მივიდეთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, შეამცირა თუ არა თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანამ ფასი სხვა მედიკამენტებზეც, რომელთა ჩამნაცვლებლები თურქეთიდან არ შემოსულა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ თურქული ბაზრის გახსნას მედიკამენტების რაღაც ნაწილის გაიაფება მოჰყვება.
მისივე თქმით, თურქეთიდან მედიკამენტების პარალელური იმპორტის საშუალების შექმნამ ძალიან ბევრ იმპორტიორს შესაძლებლობა მისცა, ყველანაირი შეზღუდვისა და ბიუროკრატიის გარეშე შემოეტანათ ზუსტად იგივე თურქული მედიკამენტები, იგივე ბრენდით, დასახელებით ან ჩამნაცვლებლები და შესაბამისად, ისინიც, ვისაც მედიკამენტები სხვა ქვეყნებიდან შემოაქვთ, იძულებული იქნებიან, წამლები გააიაფონ.