ზურაბ აზარაშვილი - აფთიაქთა უმრავლესობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები თურქულ და იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც არ იყო გავრცელებული რეფერენტული ფასები, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს შეთანხმებულ მოქმედებებთან
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, აფთიაქების უმრავლესობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მედიკამენტების ფასები როგორც თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე, ასევე იმ პრეპარატებზეც, რომლებზეც ე.წ. რეფერენტული ფასები არ მოქმედებდა.
აზარაშვილის თქმით, დიდი ალბათობით, საქმე ეხება შეთანხმებულ მოქმედებებს.
„მინდა, შევეხო მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც წინა კვირაში დაფიქსირდა. 15 თებერვლიდან მედიკამენტების ნაწილთან მიმართებით ამოქმედდა რეფერენტული ფასები და მაქსიმალური ზღვარი განვსაზღვრეთ. დაფიქსირდა ფაქტები, როცა კონკრეტულ აფთიაქებში, სამწუხაროდ, აფთიაქების უმრავლესობაში, მედიკამენტებზე, რომლებზეც არ იყო გავრცელებული რეფერენტული ფასები, მნიშვნელოვნად გაძვირდა ღირებულება. ასევე, თურქულ მედიკამენტებზე, რომლებიც პარალელური იმპორტით შემოდის თურქეთიდან, ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. სამწუხაროდ, ფაქტი გვაჩვენებს, რომ, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს შეთანხმებულ მოქმედებებთან. ეს სამწუხარო ფაქტი ისევ და ისევ გამომდინარეობს იქიდან, რომ რამდენიმე ჰოლდინგი არის დომინანტი ფარმაცევტულ ბაზარზე, მთლიანად სამედიცინო ბაზარზე“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, მსგავს ფაქტებზე სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება ექნება.
„მინდა, დავაფიქსირო ჩვენი მკაცრი პოზიცია – სახელმწიფოს პოზიცია იქნება საკმაოდ მკაცრი. რეგულაციაში შესაბამისი ცვლილებებით უკვე მივმართეთ მთავრობას, ასევე მივმართავთ პარლამენტს. მოგეხსენებათ, ჩართულია კონკურენციის სააგენტო. მსგავს ფაქტებზე ჩვენი მიდგომა, რეაგირება ყოველთვის მკაცრი იქნება. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე როგორც ფარმაცევტულ, ისე სამედიცინო სექტორებში. ყოვლად დაუშვებელია ფაქტები, რომლებიც გარკვეულ მედიკამენტზე რეფერენტული ფასების დაწესებას მოჰყვა. მივყვებით რეფორმას, რომელიც დაგეგმილი, მკაცრად გაწერილი გვაქვს სამედიცინო სექტორში და ფარმაცევტულ ბაზარზე, და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენი მხრიდან ყველაზე რთული იქნება წინააღმდეგობა ჰოლდინგურ შეთქმულებებთან. აქედან გამომდინარე, მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება რეფორმაზეც და ფასწარმოქმნაც სამართლიანი იქნება, ასევე ბაზრის მონაწილეები ერთმანეთთან კონკურენტულ გარემოში იქნებიან და ორი-სამი ჰოლდინგის შეთანხმებისას, ბაზარზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება, ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელი აღმოჩნდება.
სამი ჰოლდინგი და ერთი კომპანია, ჯამში, ფარმაცევტული საცალო ბაზრის 90 პროცენტზე მეტს ფლობს. ასევე, მათ მფლობელობაშია იმპორტიორი კომპანიები, დისტრიბუტორი კომპანიები და საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ ბაზარზე. სწორედ აქედან გამომდინარეა ჩვენი რეფორმები, რომ მათი საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალე და კონკრეტული იყოს. როდესაც ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციაა, მსგავსი შეთანხმებებით, მსგავსი კარტელური შეთანხმებებით ვერ მიიღწევა მიზანი, რომლის მიღწევასაც ისინი ცდილობენ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ძველ ნიშნულს დაუბრუნდა ფასები მედიკამენტებზე, რომლებიც ხელოვნურად იყო გაძვირებული.
„წინა კვირის განმავლობაში ფასები ისევ დაუბრუნდა ძველ ნიშნულს, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვიზღვევთ თავს და შესაბამისი ცვლილებები უკვე გამოქვეყნდა მაცნეზე, გარდა ამისა, შესაბამისი ცვლილებებით მივმართავთ საკანონმდებლო ორგანოს, რითიც მნიშვნელოვნად გაიზრდება ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე რეგულირების სააგენტოს როლი ფარმაცევტულ ბაზარზე. ჯარიმები და რეაგირება კიდევ უფრო გამკაცრდება, კონტროლის არეალი მეტად გაფართოვდება“, – აღნიშნა აზარაშვილმა.