ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის ინიციატივა, რომლითაც საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც შეეხება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც შეეხება.
მისივე თქმით, შესაძლოა, აღნიშნული ინიციატივა იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების კუთხითაც.
„2024 წლის პირველი იანვრიდან არასაქართველოს მოქალაქეებისთვის იზღუდება სხვადასხვა რეპროდუქტიული მეთოდით როგორც ინ ვიტრო განაყოფიერება, ისე სუროგაცია. მოგეხსენებათ, დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებას მივმართავთ. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა, საშუალება დემოგრაფიული მიმართულებით. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვტოვებთ როგორც ინ ვიტრო განაყოფიერებას, ისე სუროგაციას. კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში გაეგზავნება, ვფიქრობთ, შემოდგომაზე უკვე დამტკიცდება, ხოლო 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, კანონპროექტით მოწესრიგდება საკითხები, რაც შესაძლოა, აღნიშნული მიმართულებით „დაურეგულირებელ ბაზარს ახლდეს“.
„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის საკითხები დაშვებულ იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ინ ვიტრო განაყოფიერების მაღალტექნოლოგიური მეთოდით შვილის გაჩენა, ასევე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს ექნება სუროგაციის უფლება. ეს მიმართულება არ იყო დარეგულირებული და დაკავშირებულია სხვადასხვა არაეთიკურ, ძალიან ცუდ პრაქტიკასთან, რადგან ბევრ საშიშროებას აჩენდა, იგივე ბავშვებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ძალიან დიდი გამოწვევაა ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.