ტაქსების ლიცენზირება კურორტებზეც გავრცელდება, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული რეგულაცია თბილისის გარდა, რეგიონებშიც გავრცელდება. თუმცა პირველ ეტაპზე ეს მხოლოდ საკურორტო ზონებს შეეხება.
ზურაბ ალავიძე, ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, როდიდად იგეგმება ტაქსების ლიცენზირების შემოღება.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ტაქსების ლიცენზირება. ის, რაც წელს ხდებოდა ბაკურიანში, როცა მთელი თბილისის ტაქსები იქ იყო ასული, ნორმალური არ არის, რადგან ამის საჭიროება არ იყო და ერთ დამსვენებელზე ხუთი ტაქსი მოდიოდა. როგორი იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, ამ საკითხზე ვმუშაობთ და გვინდა მივიღოთ ისეთი რეგულაცია, რომლითაც ხელი არ შეეშლება არც ბიზნესს და არც დამსვენებლებს”, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თბილისში ტაქსების რეგისტრაცია და ნებართვის აღება სავალდებულო იქნება. „ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, რათა მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა“, – აღნიშნა კალაძემ.