ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი ითხოვს, რომ ტელეკომპანია “იბერიისთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევის საქმეს ზაზა ოქუაშვილის განცხადება დაერთოს
ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი ითხოვს, რომ ტელეკომპანია “იბერიისთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევის საქმეს ზაზა ოქუაშვილის განცხადება დაერთოს

იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი ითხოვს, რომ ტელეკომპანია “იბერიისთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევის საქმეს ზაზა ოქუაშვილის განცხადება დაერთოს.

ტელეკომპანია „იბერიისთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევის საქმეზე, რომელზეც იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე არიან ბრალდებულები, სასამართლოს დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობა განიხილეს.

ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ საქმეს დაერთოს „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებები, სადაც 2004 წელს ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ქიბარ ხალვაშის ნეგატიურ როლზე საუბრობდა.

ამ შუამდგომლობაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ პოზიციის დასაფიქსირებლად დრო სჭირდებოდა და მომდევნო სხდომაზე წარადგენდა.

მოსამართლემ ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა, რომ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარეც უნდა გაეცნოს ოქუაშვილის ამ განცხადებებს, საჭიროა, ბრალდების მხარემაც წარადგინოს საკუთარი პოზიცია და სწორედ ამიტომ სხდომა 22 ოქტომბრისთვის გადაიდო.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა პოზიციას დააფიქსირებს ბრალდების მხარე ადვოკატის შუამდგომლობაზე, პროკურორი თინათინ მახარაძე აცხადებს, რომ ამას მომდევნო სხდომაზე წარადგენს. რაც შეეხება ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს, პროკურორის თქმით, ის ამ საქმეზე უკვე გამოკითხულია და სწორედ მისი ჩვენებები დაედო საფუძვლად ყოფილი თანამდებობის პირებისთვის ბრალის წარსადგენად.

ტელეკომპანია „იბერიისთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევაზე ბრალდების მხარე ზურაბ ადეიშვილს და მის ყოფილ მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. საქმის არსებითი განხილვა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება.