ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას ესწრებოდა [ვიდეო]
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად, ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას ესწრებოდა.
შესაბამისი მასალა ბუნდესტაგის ვებგვერდზეა განთავსებული.
აღნიშნულ სხდომაზე უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილებოდა.
ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც. მისი თქმით, „როდესაც გერმანიის პარლამენტის ლოჟაში უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად არის ზურაბ ადეიშვილი, სწორედ ასეთი ფაქტები უწყობს ხელს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას“.
ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმეზე კი – მსჯავრდებული.