უკრაინის პრეზიდენტის ოფისში გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი განიხილება
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი განიხილება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს განიხილავენ, – ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ზელენსკის გუნდში წყაროზე დაყრდნობით წერს.

„გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა კოსტინის საკითხს სულ ხშირად აყენებენ თათბირებზე. როდის გამოიტანენ გათავისუფლების საკითხს საჯაროდ – შესაძლოა, ამ თვეში, შესაძლოა, მოგვიანებით. ეს არ არის სასწრაფო საკითხი“ , – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, განიხილება კოსტინის ნიდერლანდებში ელჩად დანიშვნის ვარიანტი, თუ პარტნიორები დათანხმდებიან, რომ ამჟამინდელმა გენერალურმა პროკურორმა თავისი სამუშაოს ფოკუსირება მოახდინოს უკრაინაში რუსეთის დანაშაულებებზე საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნაზე.

ამასთან, გამოცემის ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ ანდრეი კოსტინი არ არის საკმარისად მტკიცე გენერალური პროკურორის პოზიციისთვის.

ახლა განიხილება საკითხი, ვინ შეიძლება, გახდეს უკრაინის ახალი გენერალური პროკურორი.

მანამდე, 2024 წლის თებერვალში უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსტინი, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დანიშნონ.