ზურაბ აბაშიძე ზახაროვას პასუხობს - დიახ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მის კანონმდებლობას ყველამ პატივი უნდა სცეს
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, რომლის გამართვაც მაისში თბილისში იგეგმება.
მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მოსამზადებელ სამუშაოებს, მუდმივ კავშირშია ევროპის საბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან და ყველა საკითხი მოგვარდება.
ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა ვალდებულია, შეასრულოს ყველა ის საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის წესდება ითვალისწინებს.
„ჩვენ ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც მაისში გაიმართება თბილისში. ჩვენი საგარეო უწყება ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. მუდმივად კავშირშია ევროპის საბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან და ვფიქრობ, რომ მაისამდე საკმაოდ ბევრი დროა დარჩენილი და ყველა საკითხი მოგვარდება. საქართველო წელს თავმჯდომარე ქვეყანაა ევროპის საბჭოში. ეს დიდი პატივიცაა და დიდი ვალდებულებაც. ჩვენ უნდა შევასრულოთ ყველა ის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც დაწესებულია ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით“ ,- განუცხადა ზურაბ აბაშიძემ საქართველოს პირველ არხს.
რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, აბაშიძის თქმით, საქართველო ნამდვილად სუვერენული ქვეყანაა და ამიტომ ყველამ პატივი უნდა სცეს მის კანონმდებლობას.
„რაც შეეხება ქალბატონ ზახაროვას კომენტარს, დისკუსიაში შესვლის გარეშე, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დიახ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა, ამიტომ ყველამ პატივი უნდა სცეს მის კანონმდებლობას. ზოგადად ვფიქრობ, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი ამ საკითხის ირგვლივ საჭირო არ არის. ამ განცხადებაზე უფრო სიღრმისეულად შესვლა, არაფერს გვარგებს. ჩვენ ფორუმი კარგად მოვამზადოთ და რაც მთავარია, დავიცვათ ეს ბალანსი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებებისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით“ ,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ რადიოსადგურ „კამსამოლსკაია პრავდას“ ეთერში განაცხადა, რომ დისკუსია იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოსალოდნელ შეხვედრაზე თბილისში, პროვოკატორების მიერ მათი ვიწრო ინტერესებით გამოიყენება.
მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესებით.