ზურაბ აბაშიძე - ვერანაირი რუსული კულტურისა და ენის ცენტრის კვალს ვერ მივაგენით, სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსთა ნაწილი თავისი ეგოისტური მიზნებით ხელმძღვანელობს
ზურაბ აბაშიძე - ვერანაირი რუსული კულტურისა და ენის ცენტრის კვალს ვერ მივაგენით, სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსთა ნაწილი თავისი ეგოისტური მიზნებით ხელმძღვანელობს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის,ზურაბ აბაშიძის განცხადებით, არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას რუსული კულტურისა და ენის ცენტრის შექმნის ინიციატივასთან შეხება არ ჰქონია.

როგორც აბაშიძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხი სახელისუფლო დონეზე არსად განხილულა.

რაც შეეხება სასტუმრო „რუმსში“ გამართულ კონფერენციას თემაზე „რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში“, აბაშიძის თქმით, სამწუხაროა, რომ  კონფერენციაზე მთავრობის წარმომადგენლები არ მიიწვიეს.

„როგორც მედიიდან შევიტყვეთ, დღეს სასტუმრო „რუმსში“ უმთავრესად „ნაციონალური მოძრაობის“ ძალებით, ჩატარდა კონფერენცია თემაზე, რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში. გამართულა დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა გაუწიოს ჩვენმა საზოგადოებამ წინააღმდეგობა ასეთი ცენტრის საქმიანობას. სამწუხაროა, რომ კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ მთავრობის წარმომადგენლის მიწვევა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ უცნაურია, რადგან სწორედ 28 ნოემბერს, ე.წ პრაღის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა რუსულ მედიაში ინფორმაცია დეკემბრის თვეში თბილისში, რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნის შესახებ. ასეთ მოწვევას და დღევანდელ კონფერენციაზე დასწრებას ალბათ სავალდებულოდ ჩავთვლიდით, რამეთუ საზოგადოების ინფორმირებას პრაღის ფორმატში მიმდინარე დიალოგის თაობაზე უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. გასულ კვირას, პრაღიდან დაბრუნების შემდეგ, როგორც ყოველთვის, შეხვედრები მქონდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მედიის წარმომადგენლებთან. კერძოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით მე უკვე გავაკეთე კომენტარები და აღვნიშნე, რომ ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და მთელი პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას ამგვარი ცენტრის შექმნის რაიმე ინიციატივასთან შეხება არ აქვს, არც ჰქონია. ეს საკითხი სახელისუფლო დონეზე არსად განხილულა. რაც შეეხება ერთ-ერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, არც იგი გეგმავს თავისი საქმიანობის ამ კუთხით გაფართოებას. რაიმე სხვა სახის ინფორმაციას ასეთი ცენტრის შექმნის შესახებ, ჩვენ არ ვფლობთ. ანუ, ვერანაირი ასეთი ცენტრის კვალს ჯერ ვერ მივაკვლიეთ. ის, რომ დღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ არც ჩვენი მოწვევა, არც მოსმენა, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს „ნაცმოძრაობის“ მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან. სამწუხაროა, რომ ასეთ დელიკატურ საკითხებზე პოლიტიკოსთა ნაწილი კვლავ ხელმძღვანელობს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ თავისი ეგოისტური მიზნებით. თქვენთან მაქვს კითხვა, თქვენ თუ მიაკვლიეთ? ჩვენ ასეთი ცენტრის შექმნის კვალს ვერ მივაკვლიეთ“ ,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამასთან, აბაშიძის თქმით, პრაღაში მისმა რუსმა კოლეგამ ახსენა, რომ დეკემბრის თვეში თბილისში იგეგმებოდა რუსული ენის კურსების გახსნა კომერციულ საწყისებზე. თუმცა, აბაშიძის განმარტებით, ინფორმაცია გადამოწმდა, მაგრამ არ დადასტურდა.

„პრაღაში მე მოვისმინე მოკლე კომენტარი, ძალიან მცირე კომენტარი ჩემი რუსი კოლეგისგან, რომ დეკემბრის თვეში თბილისში იგეგმება რუსული ენის კურსების გახსნა კომერციულ საწყისებზე. მე მას ვუთხარი, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არა მაქვს, დავბრუნდები თბილისში და დავინტერესდები, რაზეა საუბარი. თბილისში დაბრუნების შემდეგ ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და ამის შესახებ უკვე მოგახსენეთ“ ,- აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძე ვერ საუბრობს,  რა წარმოადგენდა ამგვარი ინფორმაციის გავრცელების მიზანს. ამასთან, აბაშიძის თქმით, გრიგორი კარასინთან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ამ თემაზე კომუნიკაცია არ ჰქონია.

„დაბრუნების შემდეგ კომუნიკაცია ამ თემაზე ჯერ არ მქონია. ჩვენი ინფორმაციით, ასეთი ცენტრი არ იხსნება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, იქნებ გაგვანდოთ და შემდეგ მივყვეთ კვალს, მაგრამ მე სხვა რამ მაწუხებს, რომ ამ ყველაფრის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება ხდება“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.