ზურაბ აბაშიძე - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას კვალიფიცირებული პასუხი გაეცა, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს უკრაინის მხარემ
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან კვალიფიცირებული პასუხი გაეცა.
მისივე თქმით, მტკიცებულებები თავად უკრაინის მხარემ უნდა წარმოადგინოს.
„ამას გაეცა უკვე პასუხი. ძალიან კვალიფიცირებული პასუხი გაეცა ჩვენი შესაბამისი უწყებების მიერ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. მტკიცებულებები უნდა წარადგინოს უკრაინის მხარემ“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს, რომ არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.