ზურაბ აბაშიძე თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ასეთი ცენტრის გახსნა არ იგეგმება
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
მისი თქმით, მსგავსი ცენტრის გახსნა დაგეგმილი არ არის.
„ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს შვეიცარიის საელჩოში არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციასთან გაიხსნა რუსეთის კულტურის ცენტრი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს ინფორმაცია არ დასტურდება და ამის გადამოწმება მარტივია შვეიცარიის საელჩოსთან დაკავშირებით. არც ერთ სახელმწიფო უწყებას ამგვარ ინიციატივასთან შეხება არ ჰქონია, ამის შესახებ ადრეც განვაცხადეთ. ერთ-ერთ კომერციულ სტრუქტურას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, ჰქონდა საკმაოდ დიდი ინტერესი და საბოლოოდ, მათ დაადასტურეს, რომ ასეთი სახით მათი საქმიანობის გაფართოებას არ აპირებენ. ზოგადად, ჩვენ ჰუმანიტარული კავშირების, ვაჭრობისა და ტურიზმის წინააღმდეგი არ ვართ, პირიქით, მხარს ვუჭერთ ამას, მაგრამ ნებისმიერი ასეთი საკითხი განხილული უნდა იყოს სახელმწიფო დონეზე. კიდევ ერთხელ დაზუსტებით შემიძლია, გითხრათ, რომ ასეთი ცენტრის გახსნა არ იგეგმება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ამასთან, ცენტრის გახსნის შესახებ ინფორმაცია უარყვეს საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში.