ზურაბ აბაშიძე - სატელეფონო საუბარში სკანდალური ვერაფერი ნახეს და სხვა თემებზე გადაიტანეს ყურადღება, არანაირი მოლაპარაკებები მოსკოვში არ გამართულა, ეს არის სიცრუე
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მოსკოვში არანაირი მოლაპარაკებები არ გაუმართავს და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა.
აბაშიძის თქმით, შეხვედრები საჯაროდ, ე.წ. პრაღის ფორმატში მიმდინარეობდა და საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიეწოდებოდა.
„რაც შეეხება სატელეფონო საუბრის დიდი მონდომებით გამომზეურებას, მგონი, ვერაფერი სკანდალური მასში ვერ ნახეს და სხვა თემებზე გადაიტანეს ყურადღება. არანაირ რაღაც პარალელურ თუ კულუარულ და საიდუმლო შეხვედრებს, მოლაპარაკებებს მოსკოვში ადგილი არ ჰქონდა, არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებდით იქ, არც მანდატი არ გვქონდა და ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ვერანაირი ფაქტი ვერ მოიყვანეს და ვერც მოიყვანდნენ. იმ გადაცემაში ყველაფერი აგებული იყო ინსინუაციებზე, ჩემი მიჩეხილ-მოჩეხილი ინტერვიუ და შემდეგ დალაგებული თავისი ტექნოლოგიებით. ეს შეხვედრები ე.წ. პრაღის ფორმატში მიმდინარეობდა საჯაროდ. ჩვენ სრულ ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს საზოგადოებას, შესაბამის უწყებებს, დასავლელ პარტნიორებს. ასე რომ, ამ რეპორტაჟში გაჟღერებული ინსინუაციები არის აბსოლუტურად სიცრუე.
არანაირი მოლაპარაკებები მოსკოვში ჩვენ არ გვიწარმოებია. მოსკოვში მე ბოლოჯერ ვიყავი გია დანელიას დაკრძალვაზე. ამის შესახებ მაშინ აქ ვისაუბრეთ კიდეც, გავაკეთე შესაბამისი კომენტარები. ვიმეორებ, არანაირი მოლაპარაკებები მოსკოვში არ გამართულა, ეს არის სიცრუე. კატეგორიულად ვაცხადებ, ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები, შეხვედრები, არაფორმალური დიალოგი პრაღაში. კოვიდის დაწყების შემდეგ გვქონდა ონლაინ რეჟიმში რამდენიმე შეხვედრა და მას შემდეგ, რაც ეს უბედურება დაიწყო უკრაინაში, ჩვენ აღარ შევხვედრივართ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რაც შეეხება კითხვას, – „ვის აწყობდა აბაშიძე-კარასინის საუბრის ჩანაწერისა და რეპორტაჟის გაკეთება?“ – ზურაბ აბაშიძის თქმით, „ეს აწყობს მათ, რომლებმაც თავის დროზე ხელი შეუწყვეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, გაასხვისეს უამრავი ქონება, სტრატეგიული ობიექტები, ვინც შემდგომ გაუფორმა საერთაშორისო დოკუმენტებში რუსეთს ოკუპაცია“.
„ამათ აწყობთ, რომ ყველაფერი გადმოიტანონ ჩვენს ხელისუფლებაზე. ვფიქრობ, სხვისთვის გადაბრალების პროცესი წარმატებით ვერ მიმდინარეობს. ხალხი კარგად ხედავს და, საბოლოო ჯამში, ეს უკან უბრუნდებათ. ვგულისხმობ „ტვ პირველს“, ამ გადაცემას და მათ მესვეურებს“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
ამასთან, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების რაუნდის ჩატარება დღის წესრიგში არ დგას.
„თუ იქნება რაიმე ფორსმაჟორული სიტუაცია, როგორც ეს იყო 21 ივნისს, როდესაც სატელეფონო კომუნიკაცია გვქონდა, და ასეთი სატელეფონო კომუნიკაციები გვქონია ჩვენ, როდესაც საზღვარზე იქმნებოდა რთული ვითარება; მოგეხსენებათ, გამტარ პუნქტზე ხშირად ჩვენს მხარესაც, იქითაც არის დიდი რაოდენობა მანქანებისა, ეს საჭიროებს ჩართულობას და ორივე მხარის მოლაპარაკებას, რათა რთული სიტუაცია განიმუხტოს. ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩვენ სატელეფონო კავშირი გვაქვს ხოლმე“, – განუცხადა ზურაბ აბაშიძემ საქართველოს პირველ არხს.