ზურაბ აბაშიძე - საქართველო დაინტერესებულია, ყველაფერი ისე დასრულდეს, როგორც უკრაინელი ხალხის ინტერესებშია
საქართველო დაინტერესებულია, ყველაფერი ისე დასრულდეს, როგორც უკრაინელი ხალხის ინტერესებშია, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, საქართველოს უკრაინასთან სტრატეგიული მნიშვნელობის ურთიერთობა აქვს.
„ჩვენი სიმპათიები უკრაინელი ხალხის მიმართ ცნობილია. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობები, სტრატეგიული მნიშვნელობისა და დონის ურთიერთობები. რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ, რომ ყველაფერი ისე დასრულდეს, როგორც უკრაინელი ხალხის ინტერესებშია. თუ რა არის ამასთან დაკავშირებული, რა დეტალებია და რა სირთულეებია, ვფიქრობ, ამის შესახებ უფრო დეტალურად მოისმინეთ ჩვენი საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან. ეს ყველაფერი მხედველობაში უნდა მივიღოთ. მათგან მოვისმინეთ, რომ ამ პროცესის დაჩქარება არ იქნებოდა სწორი. იცით, რა დონეზეა ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან და რა დიდი სიმპათიით ვეკიდებით ჩვენი უკრაინელი მეგობრების ინტერესებს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.