ზურაბ აბაშიძე - რუსული მხარე მიუღებელ ინტერპრეტაციებს უკეთებს საბაჟო მონიტორინგის შეთანხმებას
„პრაღაში გამოიკვეთა პოზიციათა სერიოზული სხვაობა. დადასტურდა, რომ რუსული მხარე ყოვლად მიუღებელ ინტერპრეტაციებს უკეთებს საბაჟო მონიტორინგის შეთანხმებას“, – ამის შესახებ პირველ არხთან ზურაბ აბაშიძე საუბრობს.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან პრაღის შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. აბაშიძის თქმით, მხარეებს შორის მთავარი უთანხმოება 2011 წლის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა.
„განვიხილეთ 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხი საბაჟო მონიტორინგის შესახებ. მე ხაზი გავუსვი, იმ გარემოებას, რომ 2011 წლის შეთანხმების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ მისი პრინციპებისა და დებულებების სრული პატივისცემით, ყოველგვარი ინტერპრეტირების და პოლიტიზირების გარეშე. ბოლო პერიოდში რუსეთში, ოფიციალურ დონეზე გაკეთდა განცხადებები, რომელიც აღნიშნული შეთანხმების პრინციპებს და არსს ეწინააღმდეგება. პრაღაში აღნიშნულ საკითხზე საუბრისას გამოიკვეთა პოზიციათა სერიოზული სხვაობა. დადასტურდა, რომ რუსული მხარე ყოვლად მიუღებელ ინტერპრეტაციებს უკეთებს შეთანხმების დებულებებს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის აღნიშნული პროექტის ამოქმედებას“, – განაცხადა გრიგოლი კარასინმა.
კონკრეტულად რა ინტერპრეტაციებზეა საუბარი და რაშია მთავარი უთანხმოება – ამ კითხვაზე აბაშიძე ახსენებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის თავად კარასინის რუსულ პრესასთან გაკეთებულ განცხადებებს.
„კომენტარები, რაც რამდენიმე დღის წინ გაკეთდა ოფიციალური პირების დონეზე, კონკრეტულად, იქ საუბრობდნენ, ე.წ. საბაჟო საზღვრებზე – საქართველოსა და აფხაზეთს, ასევე საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის. შეგახსენებთ, რომ ამ შეთანხმებაში არავითარ საბაჟო საზღვრებზე საუბარი არ არის. საუბარია ტერმინალებზე, რომელიც უნდა განლაგდეს, სავაჭრო დერეფნების შესასვლელებსა და გასასვლელებში და ამ ტერმინალებზე უნდა იმუშაონ შვეიცარიული კომპანიის მონიტორებმა. ამავე დროს ეს არის შეთანხმება საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის და იქ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონები მოხსენიებული არ არის. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი მომენტებია“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ შვეიცარიული კომპანიის მოვალეობა იქნება ტვირთების აღნუსხვა.
„შვეიცარიული კომპანიის მოვალეობაა მხოლოდ აღნუსხვა იმ ტვირთის, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის ფარგლებში გადაადგილდება აღნიშნული დერეფნებით, თორემ ის თუ, რა ტვირთი გაივლის დერეფნებში ეს უკვე საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე. ასე რომ ხაზგასმით ვაცხადებ, ამ მექანიზმის სხვაგვარი ინტერპრეტირება ყოვლად მიუღებელია”, – განმარტავს კარასინი.
პირველი არხის კითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი ხელი მოაწეროს შეთანხმებას შვეიცარიულ კომპანიასთან, ისევე როგორც საქართველო, ზურაბ აბაშიძე პასუხობს, რომ კარასინისგან ხელშეკრულების ხელმოწერის მზაობა მოისმინა, თუმცა მისთვის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებიათ. ამას გარდა აბაშიძე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ არამხოლოდ ხელმოწერა, არამედ თავად ამ შეთანხმებაზე რუსეთის პოზიცია ქმნის პრობლემას.
„რუსეთი აპირებს, როგორც მათ განაცხადეს, ხელი მოაწეროს კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანიასთან, მე ვერ გეტყვით როდის, თარიღი არ დასახელებულა, მაგრამ სერიოზულ კითხვებს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული ინტერპრეტაციები ბადებს, რომლებსაც რუსეთის მხარე აკეთებს შინაარსთან დაკავშირებით. ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა ამ პროექტის განხორციელებაში“ – აცხადებს ზურაბ აბაშიძე, პირველ არხთან სატელეფონო ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას საქართველოსთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მხარდაჭერის სანაცვლოდ 2011 მოაწერა ხელი.
ეს ერთადერთი დოკუმენტია, სადაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ამ შეთანხმებით განსაზღვრულია რუსეთ-საქართველოს სავაჭრო დერეფნები, რომლებიც ნეიტრალურმა მონიტორებმა უნდა გააკონტროლონ.
საქართველოს მთავრობამ შვეიცარიულ კერძო კომპანიასთან 2011 წელს გაფორმებული დოკუმენტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულება გასული წლის დეკემბერში გააფორმა და ამ დრომდე რუსეთის მხრიდან ანალოგიურ ნაბიჯს ელოდება.