ზურაბ აბაშიძე - რუსულ მხარეს ვურჩევთ, სხვების დადანაშაულების ნაცვლად, თვითკრიტიკულად გაიაზროს ვითარება
რუსულ მხარეს ვურჩევთ, სხვების დადანაშაულების ნაცვლად, თვითკრიტიკულად გაიაზროს ვითარება და გადადგას ნაბიჯები, რასაც მისგან საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო დიდი ხანია ელოდება, – აღნიშნული განცხადება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.
მისი თქმით, თუ აგვისტოს ომის 10 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით მოსკოვს რეალურად სურს, საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგება დაიწყოს, ამას არავინ უშლის.
„სწორედ ამას ვურჩევთ რუსულ მხარეს, ნაცვლად ჩვეულ სტილში სხვების დადანაშაულებისა, თვითკრიტიკულად გაიაზროს ვითარება და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია ელოდება საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო. კერძოდ, რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები საქართველოს რეგიონებიდან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციისკენ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის შეფასებით, სწორედ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა არის ის, რითაც რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოსთან ურთიერთობების სრულფასოვანი მოწესრიგების მზაობას დაანახებს.
რაც შეეხება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, აბაშიძის განცხადებით, რუსეთმა, ამ ტრაგიკულ მკვლელობებს არანაირი პრინციპული შეფასება არ მისცა.
„რაც შეეხება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, რუსეთმა, სამწუხაროდ, არანაირი პრინციპული შეფასება არ მისცა ამ ტრაგიკულ მკვლელობებს, რისი შესაძლებლობაც მას ჰქონდა და დამნაშავეების მაგივრად, ფაქტობრივად, ქართულ მხარეს ადანაშაულებს ამასთან დაკავშირებულ მოვლენებში“, – განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ რთულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას თავიდან ვერ აიცილებს და ამ პასუხისმგებლობას რუსეთს საერთაშორისო თანამეგობრობაც აკისრებს.