ზურაბ აბაშიძე - გრიგორი კარასინმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით მოსკოვი არანაირ აქტივობაში არ არის ჩართული
გრიგორი კარასინმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით მოსკოვი არანაირ აქტივობაში არ არის ჩართული, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გრიგორი კარასინთან სატელეფონო კომუნიკაციისას საუბარი შეეხო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს და აღინიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან აღნიშნულ თემაზე საქართველოს უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ.
„შედგა სატელეფონო საუბარი გრიგორი კარასინთან. მან გააკეთა მოკლე კომენტარი ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ, ეს მათი მხრიდან არ დარჩება უყურადღებოდ. მან ასევე თქვა, რომ რეფერენდუმთან დაკავშირებით მოსკოვი არანაირ აქტივობაში არ არის ჩართული. მოგეხსენებათ, ანალოგიური კომენტარი რამდენიმე დღის წინ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც გააკეთა“, – განაცხადა აბაშიძემ.
ასევე, ზურაბ აბაშიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა, რომ გრიგორი კარასინთან ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო პუნქტზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„რაც შეეხება პრაღის ფორმატში მორიგ შეხვედრას, ეს დღის წესრიგში არ დგას და ჩვენ ვთვლით, რომ ახლა ამის დრო არ არის. საავიაციო რეისების აღდგენის საკითხები არ განხილულა ჩვენი საუბრის დროს. მოკლედ განვიხილეთ საკითხი, ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო პუნქტზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთის მხარეს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ისინი ვერ ატარებენ სატვირთო ავტომობილების საჭირო რაოდენობას, რის გამოც საქართველოს ტერიტორიაზე თავი მოიყარა მათ შორის სომხეთიდან, თურქეთიდან და უზბეკეთიდან რუსეთის მიმართულებით მიმდინარე სატვირთო ავტომობილებმა. კარასინმა აღგვითქვა, რომ შეძლებისდაგვარად მიიღებს ზომებს ამ ვითარების დასარეგულირებლად. ჩვენ ახლა ჯერ არ განვიხილავთ ავიამიმოსვლის აღდგენას და არც საუბარი ყოფილა ამაზე. ახლა არც შეხვედრის დრო არ არის“, – განაცხადა აბაშიძემ.