პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე წმინდა სინოდის ბოლო სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართული კაპანიის ნაწილად მიიჩნევს.
აღნიშნული განცხადება ზურაბ აბაშიძემ მეცნიერებათა აკადემიაში პატრიარქის მხარდასაჭერად გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელსაც დიპლომატი მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრის რანგში ესწრებოდა.
,,აქ მოვედი დღეს, როგორც აკადემიური საბჭოს წევრი, როგორც ქართული ენციკლოპედიის რედაქტორი, რათა ქართველ მეცნიერებთან ერთად გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა და თაყვანისცემა ჩვენი პატრიარქის მიმართ. ის, რაც ხდება ბოლო ხანს, არის სრულიად მიუღებელი, აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი ყველასათვის. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რაც მიზანმიმართულად მიმდინარეობს წლების მანძილზე პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ, მაგრამ ვფიქრობ, მათ კარგად ვერ გათვალეს ეს ყველაფერი და საპირიპირო შედეგი მიიღეს. აღნიშნული გუშინ დადასტურდა სამებში, როდესაც უამრავი ხალხი მივიდა პატრიარქთან და დღევანდელი შეხვედრაც ამის დასტურია“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.