ზურაბ აბაშიძე - ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით დასმულ საკითხებზე კარასინისგან პასუხი ვერ მივიღე
პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრაღაში გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერის წარმომადგენელს პირველი არხი ესაუბრა.
სატელეფონო საუბარში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ შეხვედრის დასაწყისში საკუთარი ინიციატივით დასვა საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული შემაშფოთებელი პროცესების შესახებ, რაზეც პასუხი ვერ მიიღო.
„როგორც იცით, ჩვენი ფორმატი არ ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, თუმცა მიუხედავად ამისა, შეხვედრის დასაწყისში ყურადღება გავამახვილე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ბოლო პერიოდში მიმდინარე შემაშფოთებელ პროცესებზე. კერძოდ, ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯფუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით რუსეთის სათათბიროს მიერ.
ასევე ყურადღება გავამახვილე ახალგორში საბაჟო პუნქტის უკანონო გახსნის ფაქტზე. ასეთ განცხადებებს ვაკეთებ ჩემი ინიციატივით. როცა ჩემი მხრიდან ასეთი განცხადებები კეთდება ხოლმე კარასინის პასუხია, რომ ეს თემები ჟენევის ფორმატში უნდა იყოს განხილული“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.