ზურაბ აბაშიძე - იმედი მაქვს, არ ავყვებით სხვა ქვეყნის პროპაგანდისტულ რიტორიკას
ტვირთების საბაჟო მონიტორინგის თემაზე ხვალ ჟენევაში ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ქართული მხრიდან შეხვედრაში შემოსავლების სამსახურის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრასთან დაკავშირებით რუსულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციებს, მათ შორის განცხადებებს, რომ 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის შედეგად შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ტვირთების ტრანზიტი დაიწყოს, პირველ არხთან საუბარში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა.
„იმედი მაქვს, არ ავყვებით სხვა ქვეყნის პროპაგანდისტულ რიტორიკას და დაველოდებით შეხვედრის შედეგებს. ქართული მხარე იმოქმედებს 2011 წლის შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებზე დაყრდნობით“, – განუცხადა პირველ არხს აბაშიძემ.
მისივე თქმით, იწყება 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის ეტაპი და ქართული მხარე სწორედ წლების წინ გაფორმებული დოკუმენტის შესაბამისად მოქმედებს.
„როგორც 2011 წლის შეთანხმების სახელწოდებიდანაც ჩანს, საუბარია ორ ქვეყანას, საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებასა და მონიტორინგზე, რასაც განახორციელებენ შვეიცარიული კერძო კომპანიის წარმომადგენლები. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არ არის საუბარი მებაჟეებზე, საუბარია კერძო კომპანიის ექსპერტებზე. შეთანხმებით განსაზღვრულია საკმაოდ ზუსტად, თუ სად უნდა განთავსდეს მონიტორთა ტერმინალები და ამის თაობაზე არსებობს კონკრეტული მოცემულობა“, – აღნიშნავს აბაშიძე.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ტვირთების ტრანზიტის შესაძლო დაწყებაზე, აბაშიძე განმარტავს, რომ შეთანხმება არ გულისხმობს დერეფნების ავტომატურ გახსნას.
„ეს შეთანხმება არ გულისხმობს ამ დერეფნების ავტომატურ გახსნას. საუბარია ტვირთების მონიტორინგზე, თუკი რამე გაივლის საქართველოსა და რუსეთს შორის. ზოგადად, ამ კორიდორების გახსნა-არ გახსნა სხვა საკითხია და თუ მომავალში მიიღება გადაწყვეტილება ამის შესახებ, ეს ცალკე პოლიტიკური ნაბიჯი იქნება“, – დასძინა ზურაბ აბაშიძემ.
საქართველო-რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო მონიტორინგს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს. მონიტორინგი შვეიცარიულმა კომპანიამ „ეს ჯი ეს“ (SGS) უნდა განახორციელოს.