ზურაბ აბაშიძე - გრიგორი კარასინთან საუბრისას ხაზი გაესვა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სწრაფი განთავისუფლების აუცილებლობას
რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინთან ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მისი მხრიდან ყურადღება გამახვილდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაზე, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებაზე, ადამიანის უფლებების ხელყოფის მრავალ ფაქტზე.
როგორც აბაშიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, ონლაინ შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სწრაფი განთავისუფლების აუცილებლობას.
„უმთავრესად განვიხილეთ ჩვენი ფორმატით გათვალისწინებული საკითხები. დღის წესრიგით ეს გახლავთ, სავაჭრო ეკონომიკური, სატრანსპორტო, გარკვეული ჰუმანიტარული თემები. დღის წესრიგზე ვიდრე გადავიდოდით, ყურადღება გავამახვილე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაზე, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებაზე, ადამიანის უფლებების ხელყოფის მრავალ ფაქტზე, კერძოდ, ხაზი გაესვა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სწრაფი განთავისუფლების აუცილებლობას“, – განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის მთავარი ფორმატი არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. აბაშიძის განცხადებით, საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ თემებსაც.
„განვიხილეთ მიმდინარე წლის ოთხი თვის დინამიკა. ამ თვალსაზრისით არის გარკვეული პოზიტიური ციფრები, გაზრდილია ტვირთბრუნვა, სავაჭრო ბრუნვა, დაახლოებით 20%-ით. ჩვენი ექსპორტი გაიზარდა 27%-ით, რუსეთის მიმართულებით. იმპორტი გაზრდილია 17%-ით. ეს ციფრები საკმაოდ დიდია, მაგრამ ვადარებთ წინა წლის იმავე პერიოდს, როდესაც პანდემიის შოკით გამოწვეული იყო სერიოზული ვარდნა. ახლა ფაქტობრივად ხდება ამ ვარდნის გადალახვის პროცესი. არის გარკვეული დადებითი დინამიკა სატვირთო გადაზიდვებშიც. ვისაუბრეთ გარკვეულ ქონებრივ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვაზე და ასევე ჩვენ შევეხეთ ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ორივე მხარეს, როგორც ქართულ, ასევე რუსულ მხარეს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. ასევე, ჩვენ ვახსენეთ საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმება და ითქვა, რომ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რაც შეეხება რუსული მხარის პოზიციებს, აბაშიძის თქმით, მათი მხრიდან ტრადიციულად პასუხია, რომ მზად არიან აღნიშნული საკითხები ჟენევის ფორმატში განიხილონ.
„მათი მხრიდან ტრადიციულად პასუხია, რომ ჩვენ მზად ვართ, ეს საკითხები განვიხილოთ ჟენევის ფორმატში და ეს არის ადგილი, სადაც ასეთი საკითხების განხილვა უნდა ხდებოდეს. ტრადიციულად, ასეთ პასუხს ვისმენთ, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმ თემებზე ყურადღების გასამახვილებლად, რაც ჩვენ ყველაზე უფრო გვაწუხებდა და ეს უპირველეს ყოვლისა არის, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს შესაბამისი უწყებები მუდმივ კავშირში არიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება.
„ჩვენი უწყებები მუდმივ კავშირში არიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ვფიქრობთ, მაქსიმალურად ავამოქმედოთ პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზმები, საერთაშორისო ბერკეტები, რათა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მათი განთავისუფლება“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები პერიოდულად იმართება, რათა მოხდეს ამ საკითხების განხილვა.
„ეს ერთადერთი ფორმატია,სადაც ხდება პრაქტიკული საკითხების განხილვა, სავაჭრო ბრუნვა საკმაოდ დიდია საქართველოსა და რუსეთს შორის. რუსეთი მესამე სავაჭრო პარტნიორია ჩვენი, ევროკავშირისა და თურქეთის შემდეგ. სავაჭრო ბრუნვამ 3-4 თვის განმავლობაში 476 მლნ დოლარი შეადგინა, ეს საკმაოდ დიდი ციფრია. ჩვენი პროდუქციის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი გადის რუსულ ბაზარზე. ამას ყურადღება სჭირდება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიების ინტერესების დაცვა, რომლებიც ჩართული არიან ამ სავაჭრო ოპერაციებში, სატრანსპორტო ოპერაციებში და ა.შ., სადაც ამ პრობლემების განხილვა უნდა ხდებოდეს. ჩვენ არ გვაქვს საელჩოები, ჩვენ არ გვაქვს სავაჭრო წარმომადგენლობები, რომლებმაც ამ თემებზე უნდა ისაუბრონ, ამიტომ, ჩვენ პერიოდულად ვხვდებით, ამ საკითხებს განვიხილავთ და ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და კომპანიების ინტერესები“, – განაცხადა აბაშიძემ.
ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საგარეო და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებმა.