ზურაბ აბაშიძე - 2017 წელს რუსეთთან ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა
„2017 წელს რუსეთთან ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა” – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ „მოამბესთან“ განაცხადა.
დიპლომატის თქმით, რუსეთთან ექსპორტში დინამიკა შეინიშნება, მათ შორის ტურისტული მიმართულებით. როგორც აბაშიძე ამბობს, წელს საქართველოს მილიონ სამასიათასი რუსი ტურისტი ესტუმრა.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენმა კომპანიებმა რუსეთში მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანეს, ეს საკმაოდ დიდი ციფრია, გასულ წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ რუსეთთან მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამაში უამრავი კომპანიაა ჩართული, სატრანსპორტო, საექსპორტო, გადაზიდვები, ტურიზმი, ამას ყველაფერს სჭირდება მიხედვა. ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, სრულფასოვანი საელჩოები, ამიტომ სადღაც, ვიღაცამ ეს ინტერესები უნდა დაიცვას. აი ამისთვის შეიქმნა 2013 წლიდან პრაღის ფორმატი და ამ მიმართებით ჩვენ რაღაც დინამიკა გვაქვს. დავიწყეთ 2013 წელს იმ ვითარებაში, როდესაც ნული იყო საქართველოს ექსპორტი, არაფერი არ გადიოდა რუსეთში, იქიდან კი შემოდიოდა დაახლოებით 500-600 მილიონის პროდუქცია, ასეთი დისბალანსი იყო ძალიან ცუდი ჩვენთვის. ახლა ეს გამოსწორდა, ამას ყველაფერს სჭირდება დაცვა და მიხედვა“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ „მოამბესთან” საუბრისას.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ვაჭრობის, ტურიზმისა თუ სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში საქართველო რუსეთთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა მხოლოდ იქ, სადაც საქართველოს ინტერესები იქნება დაცული. მისი თქმით, თანამშრომლობის სურვილის მიუხედავად, ქართული მხარე ვერაფრით შეეგუება რუსეთის მიერ 2008 წლის შემდეგ შემოთავაზებულ ე.წ. ახალ რეალობას, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და შემდგომ მათი დამოუკიდებლობის გამოცხადებას გულისხმობს.
„მათი პოზიცია ასეთია, რომ 2008 წელს მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები აღიარეს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და რომ აქ უკვე უკან სვლა არ იქნება, ამიტომ ამბობენ, თქვენ გინდ შეეგუეთ, გინდ ნუ შეეგუებით ამას. როდესაც ამბობენ “თქვენ”, გულისხმობენ საქართველოსაც და დასავლელ პარტნიორებსაც. ახლა მათ ისეთი მიდგომა აქვთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ დემარშებზე არ რეაგირებენ, ყოველ შემთხვევაში, ასე უჭირავთ თავი, რომ ამას ყურადღებას მაინცდამაინც არ აქცევენ, მაგრამ ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი შედეგს მოიტანს, ასე ვერ გაგრძელდება დიდხანს, რუსეთის მიდგომები მაქვს მხედველობაში. ჩვენი პრობლემა ერთი დიდი გლობალური სურათის ნაწილია, ამიტომ ვფიქრობ, თუკი გლობალურად დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ცვლილებები იქნება, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების კონტექსტში, ალბათ, ეს ჩვენს ვითარებაზეც აისახება. ცალკე გამოყოფილად არ უნდა შევიქმნათ რეალურად ილუზიები, რომ ახლო მომავალში რაიმე სერიოზული გარღვევა მოხდეს ამ კუთხით“, – განაცხადა აბაშიძემ.
პრემიერის მრჩეველი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებს. მისი თქმით, რუსეთის საკითხებში საქართველოს ნებისმიერი ნაბიჯი მათთან კონსულტაციებითა და შეთანხმებით ხდება, რაშიც საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს.
„მათაც კარგი გამოცდილება აქვთ, რთულია ეს დიალოგი, მაგრამ უნდა გააგრძელოთ და შეეცადოთ, გადადგათ ნაბიჯები იქ, სადაც შესაძლებელია. ყველას უჭირს რუსეთთან ურთიერთობა, ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს რუსეთთან პრობლემები“, – განუცხადა “მოამბეს” აბაშიძემ.