ზურა კიწმარიშვილი - ეროსის სამართალმემკვიდრეს აქვს საფუძველი და მოთხოვნები თავის წილთან დაკავშირებით, ია კიწმარიშვილი იურისტებთან გადის კონსულტაციებს
ზურა კიწმარიშვილი - ეროსის სამართალმემკვიდრეს აქვს საფუძველი და მოთხოვნები თავის წილთან დაკავშირებით, ია კიწმარიშვილი იურისტებთან გადის კონსულტაციებს

ეროსის სამართალმემკვიდრეს აქვს საფუძველი და მოთხოვნები თავის წილთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა განუცხადა.

ზურაბ კიწმარიშვილის განმარტებით, საუბარია ეროსი კიწმარიშვილის 30-პროცენტიან წილზე.

„ამ საკითხზე საუბრის შემდეგ მიყალიბდება აზრი, რომ ამის საფუძველი შეიძლება, იყოს მხოლოდ ის გარემოება, რომ გასხვისების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ არის დაკმაყოფილებული. ოჯახს ამ ეტაპზე ამ გარიგებით გათვალისწინებული თანხა არ აქვს მიღებული. კიდევ არსებობს კითხვები ამ გასხვისების ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც შესაძლებელია, იამ ისაუბროს შემდგომ ეტაპებზე და რომელთან დაკავშირებითაც საინტერესოა იმ დაკითხვის ოქმები, რომელიც თავის დროზე პროკურატურას ჰქონდა ეროსისთან. ეს არის 2009 წელი, როცა სწორედ „რუსთავი 2“-ის წილს შეეხებოდა მაშინდელი დავა და სარჩელი ეროსის მხრიდან. სხვათა შორის, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს იყო პირველი პრეტენზია „რუსთავი 2“-ის რომელიმე მფლობელისა და მეწილის მხრიდან თავის წილთან დაკავშირებით. ეს იყო კიდევ 2009 წელი, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი“, – განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილთან.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ქიბარ ხალვაშთან კონსულტაციები, ზურაბ კიწმარიშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნულს არ გამორიცხავს.

„რაც შემიძლია, დავადასტურო, არის ის, რომ ეროსის სამართალმემკვიდრეს აქვს საფუძველი და მოთხოვნები თავის წილთან დაკავშირებით. და რა მეთოდებით იქნება მოქმედება ამასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა ახლა მუშავდება და ახლო მომავალში უფრო გვეცოდინება დეტალები. არ გამოვრიცხავ, რომ ქიბარ ხალვაშთან კონსულტაციებიც დადგეს დღის წესრიგში, თუმცა ვერც ვერაფერს დავადასტურებ. ამ წუთისთვის მსგავსი რამ არ არის დაგეგმილი და მეტს ვერაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა.

კითხვაზე, სასამართლოს გზას თუ განიხილავს კიწმარიშვილის ოჯახი, ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე იურისტებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ამ მიმართულებით იურისტებთან მიმდინარეობს კონსულტაციები და სწორედ ეს ირკვევა, რომელი მეთოდები და რა საშუალებებია უფრო ეფექტური და საფუძვლიანი. ია გახლავთ დაკვირვებული და გონიერი ადამიანი, ასე მიუდგება ამ საკითხსაც და სადაც უფრო მეტი რესურსი იქნება, იქიდან იმოქმედებს“, – განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.