თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ზუგდიდშიც აპროტესტებენ.
მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის სოლიდარობის ნიშნად აქციას ქალაქში არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მართავენ. ისინი ზუგდიდის ცენტრში შეიკრიბნენ და მსვლელობით მივიდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან.
აქციის მთავარი მოთხოვნაა – „დაინგრეს სისტემა“. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ემზარ კვარაცხელიას განცხადებით, პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მისი თქმით, ყველა ადამიანის სიცოცხლის უფლება უნდა იყოს დაცული.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქციები ყოველდღე გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ.
სასამართლოს განაჩენით, გ.ბ. რომელსაც ბრალი ედებოდა არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის, ასევე არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ცნობილი იქნა დამნაშავედ მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, ხოლო სრულად გამართლდა არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში.
რაც შეეხება ბრალდებულ გ.ჯ. -ს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, გ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.
დაზარალებულთა ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე თავის ახლობლებთან ერთად, მთავარ პროკურატურასთან მივიდა, სადაც საპროტესტო აქციას მართავს.