ზუგდიდში პოლიციელზე თავდასხმის მცდელობისთვის ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმის მცდელობისთვის ბრალდებულ გელა ქანთარიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის, ლევან ფიფიას შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, არსებობს მსჯავრდებულის მიმალვისა და მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
თავად ბრალდებულმა განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
შსს-ს ინფორმაციით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევმა გელა ქანთარიამ მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციამ გელა ქანთარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 20 იანვარს დააკავა.
სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გელა ქანთარია ბრალდებულია პოლიციელზე თავდასხმის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და19-353-პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 16 – დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წინასასამართლო სხდომა 12 მარტს ჩაინიშნა.