ზუგდიდში დღეს საღამოს დაჭრილი ორი მამაკაციდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
როგორც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, მამაკაცი ახლობლებმა დღეს საღამოს შეიყვანეს. ექიმების თქმით, მას მუცლის არეში ჭრილობა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. პაციენტს დაზიანებული აქვს ნაწლავები. მას ცოტა ხნის წინ ოპერაცია ჩაუტარდა.
ამ დროისთვის, დაჭრილი მამაკაცი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.
ჰოსპიტალში მიყვანილი კიდევ ერთი დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის. როგორც მან მედპერსონალს განუცხადა, ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული.
დღეს საღამოს ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 35 წლის ბ. დ., ხოლო გ.ჯ დაჭრეს ბასრი საგნით. ორივე ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონის მკვიდრია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.