ზუგდიდში, დევნილთა ერთ-ერთ დასახლებაში წყლის დაბინძურების ფაქტს წყალმომარაგების კომპანია უარყოფს
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას ზუგდიდის მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩატარებული სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგები გააცნო. კვლევაში წერია, რომ დასახლებაში მდებარე ჭაბურღილის წყალი უსაფრთხოა.
ადგილზე მერიისა და წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს ადგილობრივებმა ალტერნატიული ლაბორატორიული კვლევის შედეგები დაახვედრეს. ერთ-ერთი ადგილობრივის ინეზა ფარულავას თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მათ 5 დეკემბრით დათარიღებული კვლევის შედეგები მიაწოდა, სადაც სასმელი წყალი უვარგისად არის ცნობილი.
დევნილებმა უარი თქვეს წყლით სარგებლობაზე, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. საბოლოოდ, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო და წყალმომარაგების კომპანია ერთობლივად ჩაატარებენ კვლევას წყლის ვარგისიანობაზე.
ლაღიძის ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში მეორე წელია, სასმელი წყლის პრობლემა აქვთ და საკმაოდ შორიდან ეზიდებიან, ან ყიდულობენ. იყო წყლით მოწამვლის ფაქტებიც. დევნილებმა პრობლემის გამო, არაერთი აქციაც გამართეს.