ზუგდიდში 240 დევნილი ოჯახისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა მიმდინარეობს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ზუგდიდში, ექვს ახალაშენებულ კორპუსში 240 დევნილ ოჯახს ბინებს გადასცემს.
ზუგდიდში დღეს 48 ერთოთახიანი, 96 ოროთახიანი და 96 სამოთახიანი ბინა კენჭისყრის პრინციპით ნაწილდება.
სამინისტროს ინფორმაციით, გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.
კენჭისყრის პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია ესწრებიან.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, სამეგრელოს რეგიონში კიდევ ცხრა ნგრევადი შენობა იხურება და იქ მცხოვრებმა ოჯახებმა ბინები ახალაშენებულ კორპუსებში მიიღეს.
ამ ეტაპზე, ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე კიდევ ექვსი ახალი კორპუსი შენდება, სადაც ბინა 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა.