ზუგდიდის ყოფილი მერი - თანამდებობის დატოვება ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, ამ ეტაპზე არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ განვიხილავ
ზუგდიდის ყოფილი მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და არავისგან ზეწოლა არ მომხდარა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ განიხილავს.
„ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო ადამიანური ურთიერთობები, ეს იქნებოდა პოლიტიკაში, პირად ცხოვრებაში, სამეგობროში. ასე რომ, შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე თანამდებობიდან. ამ ეტაპზე არ განვიხილავ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას. არანაირი ზეწოლა ჩემზე არ მომხდარა. ესა ჩემი პირადი გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს ადამიანურ პრინციპებზე დაყრდნობით მივიღე.
როცა მე მოვედი პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი იყო გიორგი გახარია, შემდგომში პრემიერ-მინისტრი, რომლის პერიოდშიც მომიწია მუშაობა. მისი და მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. „ქართული ოცნების“ გუნდში დარჩენა ან გიორგი გახარიას მოსალოდნელი პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა ამ ეტაპისთვის ჩემთვის ადამიანურად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი პოლიტიკიდან და სხვა მიმართულებით გამეგრძელებინა აქტიურობა“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ამასთან, ზუგდიდის ყოფილი მერი აცხადებს, რომ მომავალში არავისთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
„გამორიცხული არასოდეს არაფერია. ვიქნები იქ, სადაც დასჭირდება ჩემი ყოფნა ზუგდიდს და ქართველ ხალხს. არ გამოვრიცხავ არავისთან თანამშრომლობას, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი გადაწყვეტილება არის პოლიტიკიდან წასვლა. სამი წლის წინ საჭიროება როგორც იყო, შევერთებოდი „ქართული ოცნების“ გუნდს, ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ისევ ჩავდგე ქართველი ხალხის სამსახურში“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
კითხვაზე, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ხომ არ გქონდათ კონსულტაციები გიორგი გახარიასთან, შენგელიამ განაცხადა, რომ მას კონსულტაციები არავისთან ჰქონია.
კონსულტაციები არავისთან მქონია. ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება, გულწრფელი პოზიცია. ჩვენ გვიჭირს ამ გულწრფელი პოზიციის გაგება და ვეძებთ ქვეტექსტებს, რაც ამ შემთხვევაში, არაა“, – განაცხადა ზუგდიდის ყოფილმა მერმა.
ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა.