ზუგდიდის სასამართლოში აქციაზე დაკავებული გარემოვაჭრის საქმის განხილვა დასრულდა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აქციაზე დაკავებული გარემოვაჭრის, ლალი შულაიას ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა.
როგორც პროცესის შემდეგ, შულაიამ განაცხადა, სასამართლო გაფრთხილებით შემოიფარგლა.
ლალი შულაია დღეს დილით ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სამართალდამცველები მას გარევაჭრობის წესის დარღვევას ედავებოდნენ.
ზუგდიდელი გარემოვაჭრეები გარე ვაჭრობის ადგილებზე მუშაობის ნებართვის მოთხოვნით აქციებს მეოთხე დღეა მართავენ.
შსს-ს პოლიციის სამმართველოსთან მათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია შეხვდა და ალტერნატიული ფართი შესთავაზა, თუმცა გარემოვაჭრეები ამ შეთავაზებას არ დათანხმდნენ.
გარემოვაჭრეები ორშაბათიდან აქციების გაგრძელებას აანონსებენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობისთვის განკუთვნილი დახლები აიღო, რასაც გარემოვაჭრეების პროტესტი მოყვა.