ზუგდიდის სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
ზუგდიდის სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს, 1983 წელს დაბადებულ გ.წ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.

ბრალდებულმა ადვოკატზე უარი განაცხადა.

„არ ვაპირებ თავის გამართლებას, ისეთ რაღაცას შეეხო ჩემი ძმა. მე ის მიყვარს და მეყვარება. თავს არ დავიცავ“, – აღნიშნა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე.

გამოძიების ინფორმაციით, 28 სექტემბერს, გ.წ.-მ, 1985 წელს დაბადებულ ძმას, რ. წ.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები გულმკერდის არეში მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 ნოემბერს დაინიშნა.