ზუგდიდის საკრებულოში სხდომა დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დილიდან ხმაურია. საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე მსჯელობდა, რომელსაც ოპოზიციის წევრები აპროტესტებდნენ. სხდომა, რომელსაც 33 დეპუტატი ესწრებოდა, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრ ანა წითლიძის განცხადებით, საკრებულოს ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებდნენ ის ადამიანები, რომლებიც წინა მოწვევის საკრებულოს წევრები არიან.
ანა წითლიძემ სხდომის ჩაშლა სასტვენით სცადა, თუმცა ის პოლიციამ დარბაზიდან გაიყვანა. სხდომის დარბაზიდან გაიყვანეს ასევე ყველა სხვა ოპოზიციონერი დეპუტატი.
„სხდომას ატარებენ ჩაკეტილ შენობაში, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი – ხელისუფლებას ეშინია, რომ ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, ინიშნება მერისა და საკრებულოს ხელახალი არჩევნები. „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ტერორი და უბედურება დაუჯდა ზუგდიდში, რომ წოწერია დაესვა მერად, რა თქმა უნდა, მისთვის ხელმეორედ არის ეს პრობლემა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ანა წითლიძის თქმით, ლოგიკური იქნებოდა, 2022 წლის ბიუჯეტი მიეღო ახალ საკრებულოს, რადგან სწორედ ახალი საკრებულო იქნება ამ ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებელი.
ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას თქმით, საკრებულო უფლებამოსილი იყო და 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
„ზუგდიდის ბიუჯეტი გაიზარდა და გახდა 47 მილიონი. ყველა პრიორიტეტი შესაძლებლობების ფარგლებში ადეკვატურად არის გათვალისწინებული. საჯარო სექტორში, როგორც საკრებულოში, ასევე მერიაში, ხელფასები გაიზარდა კანონმდებლობის შესაბამისად. ეს არის მასტიმულირებელი, რომ არ მოხდეს კარგი კადრების გადინება“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.
საკრებულოს სხდომის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები აქციას ატარებენ სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც განთავსებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
ამასთან, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე კი, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან ე.წ. ნახვაწა მოიტანეს, რომელშიც ზაზუნა იჯდა. შენობასთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.