აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოდან მსვლელობით სხვა ლოკაციისკენ მიემართებოდნენ. მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მოღალატეები უწოდა, რასაც შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას ადგილზე მისვლისკენ მოუწოდეს, ხოლო მსვლელობის მონაწილეებს მიმართეს, არ აჰყოლოდნენ პროვოკაციას.

მოგვიანებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა აღნიშნულმა მოქალაქემაც. მისი თქმით, აქციის მონაწილე ახალგაზრდები შეცდომაში არიან შეყვანილები.

„აუტანელია ეს სიტუაცია. ჩვენი ახალგაზრდები, რომელთა გულისთვისაც თავი შევწირეთ, სისხლი ვღვარეთ, ათასი გაჭირვება გამოვიარეთ, დღეს ვხედავთ დეგრადირებულ ადამიანებს, რომლებიც არიან ჭკუიდან გადაყვანილი. მე მწამს, რომ ძალიან ბევრი არის გულწრფელი ადამიანი, რომელსაც ქვეყანა უყვარს, მაგრამ არიან ჭკუაარეულები. არანაირი რუსული კანონი არ არსებობს, ეს არის ზღაპარი“, – განაცხადა მოქალაქემ ჟურნალისტებთან.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები მოგვიანებით უზენაესი სასამართლოსკენ გაემართნენ, ამ დროისთვის კი სხვა ლოკაციისკენ მიემართებიან.