ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ მახარაძესა და მის თანაგუნდელს გირაო შეუფარდა
„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერს, ზურაბ მახარაძეს და მის თანაგუნდელს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-5 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ორივე ბრალდებულს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
„ორივე ბრალდებულს ბრალდება აქვს წარდგენილი ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობაზე. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და ორივე ბრალდებულს გირაო შეეფარდა ხუთი ათას-ხუთი ათასი ლარის ოდენობით. მტკიცებულებებს რაც შეეხება, არსებობს მტკიცებულებათა სტანდარტი. ასევე, ბრალდებულმა განმარტა, რომ იგი არ აპირებს გირაოს თანხის გადახდას. მას აქვს კონკრეტული 20-დღიანი ვადა და ამ ვადაში უნდა მოახდინოს მის მიმართ გირაოს თანხის გადახდა. ამ ვითარებაში, როცა ჯერ ამ 20-დღიან ვადაში იმყოფება, წინსწრებად კომენტარს ვერ გავაკეთებ, მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ აღსრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება, გატარდება კანონის შესაბამისი მოთხოვნები“, – განაცხადა პროკურორმა, მარიამ ქორიძემ.
დაცვის მხარის თქმით, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას არ ადასტურებს. ადვოკატის განცხადებით, ისინი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„დღევანდელი სასამართლო პროცესი იყო ის ტესტი, რომელიც ჩავარდა. ხედავთ, რამხელა პრობლემაა როგორც სასმართლო სისტემაში, ისე სახელმწიფოში. მოსამართლემ არ გაითვალისწინა არცერთი პოზიცია, რაც განვაცხადეთ სასამართლო პროცესზე და აბსოლუტურად გაითვალისწინა ბრლდების მხარის პოზიცია, რაც მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მიკერძოებულია სასამართლო და ექვემდებარება პროკურატურას. არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს ამ ადამიანების ბრალეულობაზე. ეს არის ბრალდების მხარის წარმოდგენა, რითიც მიმართა დღეს სასამართლოს. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში“, – განაცხადა ადვოკატმა სერგო ხურციძემ.
როგორც ზურაბ მახარაძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, იგი შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს და საქმეს პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს.
„ასეთი რაღაცები ამ არჩევნებზეც, წინა არჩევნეზეც და პოლიტიკურ პროცესში იმდენჯერ მომხდარა, ყველა მაგ შემთხვევაზე რომ მართლა სისხლის სასამართლის საქმე აღეძრათ, ნახევარი საქართველო ციხეში იქნებოდა. ამიტომ, ჩვენ მიმართ რომ შერჩევითი სამართალია, ნებისმიერი ადამიანი სულ რომ ჩვენს აზრზე არ იყოს და ჩვენი საწინააღმდეგო იდეოლოგიის იყოს, მაინც მაგ კადრების ნახვის მერე მიხვდება, რომ არასწორია. ჩვენ პარტიული შეხვედრა გვქონდა. მოგვივარდნენ აქეთ, პროვოკაცია მოაწყვეს და ახლა ჩვენ ვსხედვართ ბრალდებულის სკამზე. აქედან გამომდინარე, როგორც იმ პროვოკაციას, ისე ამ სასამართლოს განვიხილავთ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებად და არა – სამართლებრივ პროცესად. ჩემთვის პრინციპულია, რომ გირაოს არ გადავიხდი. როგორც უნდა სასამართლო სისტემას – და რეალურად, ვინც გასცემს აქ მითითებებს, ანუ „ქართულ ოცნებას“ – ისეთი ნაბიჯი გადადგან. გირაოს გადახდას არ ვაპირებ და ვაფასებ ამას, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ფორმას“, – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.