ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები ჩინური კომპანიისგან სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ
ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები ჩინური კომპანიისგან სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ხელფასი 15 სექტემბერს უნდა დარიცხოდათ, თუმცა თანხა ამ დრომდე არ მიუღიათ.
„მესამე დღეა, რაც ჩვენი ჯგუფი გაფიცულია. ჩვენ გარდა, ჩინელების ჯგუფიც მუშაობს, რომლებსაც ხელფასი ჩვეულებრივ დაერიცხათ, ჩვენ კი არა. მეორე შემთხვევაა, როდესაც ხელფასი დროულად არ დარიცხეს. ისიც ჟურნალისტების ჩარევის შემდეგ ჩაგვირიცხეს. ახლა ანალოგიური პრობლემა გვაქვს. დამქირავებელი ჩინური კომპანიაა. მათი წარმომადგენლები ახლა შესვენებაზე არიან გასულები, ველოდებით, რომ არ შევუშვათ ობიექტზე“, – აცხადებენ მუშები.
ადგილზე საპროექტო ზედამხედველობის კომპანიის „რომკატელის“ წარმომადგენელი ზვიად ჭანტურია იმყოფება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანიის წარმომადგენელთან კომუნიკაცია ჰქონდა და ისინი ხელფასის არდარიცხვის მიზეზად ხარჯთაღრიცხვის დაგვიანებას ასახელებენ.
სარემონტო სამუშაოები „მილენიუმის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და მას ადგილზე ჩინური კომპანია „ვეენდჯეე“ ახორციელებს.