ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული 31 პაციენტის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „კოვიდ 19“-ზე 31 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, მათ შორის იყვნენ სენაკის ცხელების კლინიკის მედპერსონალი და რუხის, ხობისა და სენაკის ცხელების ცენტრების პაციენტები. ყველა გამოკვლეულ პაციენტზე უარყოფითი პასუხია მიღებული.
როგორც ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია აცხადებს, ხვალ მესტიის მუნიციპალიტეტიდან მიღებული 31 ბიოლოგიური მასალა იქნება გამოკვლეული „პისიარ“ ტექნოლოგიით, მომავალი კვირიდან კი, ლაბორატორია მთელი დატვირთვით იმუშავებს.
„საბედნიეროდ, ისევ კარგი ამბები გვაქვს და 31 გამოკვლეულ პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. „კოვიდ 19“-ზე „პისიარ“ კვლევები კვლავ გრძელდება და მომავალი კვირიდან ჩვენი ლაბორატორია სრული დატვირთვით იმუშავებს“, – ამბობს ლელა ქაჯაია.