ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტი გამოიკვლიეს, არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ორი პაციენტი გამოიკვლიეს, არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
როგორც ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფოში აცხადებენ, კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში ახალგაზრდა ორსული ქალისა და შუახნის მამაკაცის ანალიზები იყო გაგზავნილი. ორსული ინფექციურ საავადმყოფოში დღეს, ანაკლიის საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს. მას ცხელება და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხმძიმე ინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტებს შორის სახელდება, თუმცა თავად ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა და საეჭვო სიმპტომებით წუხელ, გვიან ღამით ანაკლიის საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში.
ორივე პაციენტს საკარანტინო სივრცეში დააბრუნებენ.
ამასთან, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.