ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე კიდევ 41 ტესტის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „კოვიდ-19“-ზე კიდევ 41 პაციენტის კვლევა დასრულდა. ყველას პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს.
მანამდე, 45 პაციენტი გამოიკვლიეს. აქედან ორ მცირეწლოვან ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი თეთრიწყაროდან იყვნენ ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი.
გუშინ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 86 პაციენტის ბიოლოგიური მასალა შევიდა გამოსაკვლევად. მათ შორის 73 ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონიდან, ხოლო 13 ცხელების ცენტრებიდან (რუხის კლინიკიდან რვა, „ევექსიდან“ ერთი, ხოლო სენაკის ცხელების კლინიკიდან ოთხი).
„ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში შემოსული იყო 86 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში „პისიარ“ ტესტირებაზე, აქედან 73 იყო ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონიდან და აქედან ორ მცირეწლოვანს დაუდასტურდა სამწუხაროდ კორონავირუსი. ამ 86 პაციენტიდან მხოლოდ ორს ჰქონდა დადებითი ტესტის პასუხი“, – აღნიშნა პრესსამსახურის წარმომადგენელმა მალხაზ ბასიალაიამ.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე ერთი კვირაა, კორონავირუსზე „პისიარ“ კვლევები ტარდება. სულ გამოკვლეულია 400-მდე პირი.