ზუგდიდი-წალენჯიხის ავტომაგისტრალზე ავარიისას ექვსი წლის მოზარდი დაშავდა
ზუგდიდი- წალენჯიხის ავტომაგისტრალზე, სოფელ ლიას მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსი ქვეითად მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. ექვსი წლის ბავშვი სხვადასხვა დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
როგორც საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია პირველ არხთან აცხადებს, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოყვანილ იქნა მოზარდი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, რის შემდეგაც სასიცოცხლო ჩვენებით გავიყვანეთ საოპერაციო ბლოკში“,- განაცხადა სულხან ორჟონიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.