ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით, ხაიშის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით, ხაიშის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა. გზის გახსნის გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობამ თითქმის სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ მიიღო, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, შსს-ს გენინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე ესწრებოდნენ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეთა ნაწილმა უკვე დატოვა ხაიშის ცენტრი.
მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებების შედეგებზე სოზარ სუბარმა პირველი არხის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„გზა გაიხსნა, ამ წუთისთვის მთავარი სიახლე ალბათ ეს არის. მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყო ვითარება. ძალიან ხშირად, ვიტყოდი, რომ კანონის ზღვარზე გადიოდა მოსახლეობის ნაწილი და ზოგჯერ, ზოგიერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ეს შეიძლება ძალიან რბილი ნათქვამიც იყოს, თუმცა მთლიანობაში მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებები გაგვეგრძელებინა, რადგან ამ რამდენიმე სოფლის მოსახლეობისთვის, რომელიც არის მესტიის რაიონის ქვედა თემში, შემოსავლის ერთადერთი წყარო არის ხე-ტყე. ძალიან კარგად ვიცი, რომ უკანონო საქმიანობა არ უნდა იქნას დაშვებული, თუმცა ძალიან ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდანაც ვერ მოხერხდა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომ მომხდარიყო ამ საქმიანობის კანონის ფარგლებში, ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა. შეთანხმება არის ასეთი – გზა გაიხსნა, მანქანები დაიძრნენ სპეცრაზმიც თავისთავად გავიდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის თქმით, ის რჩება ხაიშში და ხვალაც გამართავს შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს მოსახლეობასთან.
„ზუსტად ეს პირობა დავდე მოსახლეობასთან – 7-10 დღის ვადაში ჩამოვა აქ სამთავრობო გუნდი გარკვეული წინადადებებით, რა გავაკეთოთ ამ ქვედა ზონის სოფლებში, რა იყოს მოსახლეობის დასაქმების წყარო, რითი ჩავანაცვლოთ ხე-ტყის ჭრა იმ ნაწილში, სადაც უკანონოდ ხდება, ხოლო სადაც კანონიერია, როგორ უნდა მოხდეს ლიცენზიების გაცემა თუ დამუშავება, რათა გავაჩინოთ დასაქმების ალტერნატიული წყაროები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ის ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს ნაწილობრივ ესწრებოდა, თუმცა მისივე თქმით, მოლაპარაკების შედეგი სახეზეა, რადგან გზა გაიხსნა.
„შსს უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას. გზები გახსნილია. ბარიკადის ორივე მხარეს მშვიდობაა. შესაბამისად, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გადაადგილება უსაფრთხოა“, – აღნიშნა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით ხაიშის მონაკვეთი რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. მესტიის სოფლების ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობა აქციას დღეს დილიდან მართავდა. ისინი ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურის ღონისძიებებს აპროტესტებდნენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი განმარტეს, რომ უწყების თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ატარებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა – მხილების მიზნით.