რატომ არ გრძელდება COVID-19-ის დამცველობითი ეფექტი დიდხანს?
წითელას ვაქცინის ეფექტი მთელი ცხოვრება გრძელდება, ჩუტყვავილაზე იმუნიზაცია 10-20 წლით გვიცავს, ტეტანუსის ათ წელზე დიდხანს. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო ვაქცინირებულთათვის COVID-19-ის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზების გაკეთება ექვსი თვის შემდეგ.
ვაქცინის მიზანი იმ თავდაცვის წარმოქმნაა, რასაც ბუნებრივი ინფექციაც გვაძლევს, მაგრამ დაავადების ან სიკვდილის რისკის გარეშე.
„ნამდვილად კარგი ვაქცინა ადამიანებს ინფიცირებისგან იცავს, ვირუსთან მოხვედრის შემთხვევაშიც კი. თუმცა, ყველა ვაქცინა იდეალური არ არის“, — ამბობს ემორის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორი რუსტომ ანიტა.
მისივე განცხადებით, არსებობს თავდაცვის სამი დონე: სრული დაცვა ინფექციისა და გადადებისგან; დაავადებისა გართულებისა და გადადებისგან დაცვა; მხოლოდ დაავადების გართულებისგან დაცვა.
ეფექტიანობა დამოკიდებულია ვაქცინის მიერ წარმოქმნილი იმუნური პასუხის სიდიდეზე, ამ დროს წარმოქმნილი ანტისხეულების დაშლის სიჩქარეზე, ბაქტერიის ან ვირუსის მუტაციისკენ მიდრეკილებაზე და ინფექციის ადგილმდებარეობაზე.
თავდაცვის ზღვარი არის იმუნიტეტის ის დონე, რომელიც საკმარისია დაავადებისგან დასაცავად. ყოველი ინფექციური დაავადების შემთხვევაში ეს სხვადასხვაა და უფრო მეტის, სხვადასხვაა მისი განსაზღვრაც.
„არსებითად, ეს გახლავთ ანტისხეულების ან გამანეიტრალებელი ანტისხეულების რაოდენობა სისხლის ყოველ მილიმეტრზე“, — ამბობს ორეგონის ჯანდაცვისა და მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი მარკ სლიფკა.
1942 წელს, ტეტანუსისათვის საერთაშორისო ზღვრად დადგინდა მილიმეტრზე 0,01-პროცენტი; ამისათვის, ორმა გერმანელმა მეცნიერმა განზრახ შეიყვანა სხეულში ტოქსინი, რათა ცხოველებზე ტესტირებისას მიღებული შედეგები დაედასტურებინათ.
„ერთმა მათგანმა ბარძაყში ტეტანუსის ორი სასიკვდილო დოზა გაიკეთა და აკვირდებოდა, რა დაემართებოდა. მისმა კოლეგამ კი სამი სასიკვდილო დოზა გაიკეთა“, — ამბობს სლიფკა.
არც ერთი მათგანი ცუდადაც კი არ გამხდარა.
1985 წელს დადგინდა ინფიცირების პრევენციის ზღვარი წითელასთვის: 0,02 საერთაშორისო ერთეული მილიმეტრზე.
ამ დაავადებათა შემთხვევაში, ვაქცინით წარმოქმნილი პასუხი და ანტისხეულების დაშლის მაჩვენებელი ნამდვილად გამძლე იმუნურ პასუხებს წარმოქმნის: წითელას ანტისხეულები ნელა იშლება. ტეტანუსის ანტისხეულები უფრო ჩქარა იშლება, მაგრამ ვაქცინის შედეგად სხეული საჭიროზე მეტ ანტისხეულს წარმოქმნის.
„ტეტანუსის, დიფტერიისა და წითელას ვაქცინებში გაგვიმართლა. განვსაზღვრეთ, რა არის თავდაცვის ზღვარი. შეგიძლია თვალი ადევნო ანტისხეულების კლებას დროთა განმავლობაში და თუ იცი, რა არის თავდაცვის ზღვარი, შეგიძლია გამოიანგარიშო დაცვის ხანგრძლივობაც. კოვიდის შემთხვევაში, ეს ჯერ არ ვიცით“, — ამბობს სლიფკა.
ისტორიულად, ყველაზე ეფექტიანი ვაქცინები გამრავლებად ვირუსებს იყენებს, რომელთა მიერ წარმოქმნილი იმუნიტეტიც მთელი ცხოვრება ძლებს.
წითელას და ჩუტყვავილას ვაქცინები გამრავლებად ვირუსებს იყენებს.
არაგამრავლებად ვირუსებზე და ცილებზე დაფუძნებული ვაქცინების ეფექტი დიდხანს არ გრძელდება, მაგრამ მათი ეფექტიანობა შეიძლება გაიზარდოს ადიუვანტებით — ნივთიერებით, რომელიც იმუნურ პასუხს აძლიერებს.
Johnson & Johnson-ისა და AstraZeneca-ს კოვიდვაქცინები არაგამრავლებად ადენოვირუსს იყენებს და არ შეიცავს ადიუვანტს. Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები ინფორმაციულ რნმ-ს ეფუძნება, სულ სხვანაირი პრინციპით მოქმედებს და საერთოდ არანაირ ვირუსს არ შეიცავს.
საქმეს კიდევ უფრო ართულებს ის ვირუსები და ბაქტერიები, რომლებიც მუტაციას განიცდიან, რათა სხეულის იმუნურ პასუხს გაექცნენ; ამის კონტროლი უკვე ძალიან რთულია.
წითელას, ყბაყურასა და ჩუტყვავილას ვირუსები ძნელად მუტირებს, მაგრამ უკვე გვაქვს COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის სულ მცირე რვა ვარიანტი (შტამი).
„ვაქცინების მოქმედებას ეს ყველაფერი უფრო აფერხებს. დროთა განმავლობაში, გიწევს სხვადასხვა სამიზნის დევნა. მუტირებს გრიპიც. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ყოველ წელს გვიწევს ვაქცინის შეცვლა, მორგება, რათა ის რაც შეიძლება მეტად დაემთხვეს გრიპის ახალ შტამს“, — აღნიშნავს სლიფკა.
გრიპის ვაქცინის ეფექტი სულ მცირე ექვს თვეს გრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ ასე ძლიერ მუტირებადი ვირუსის წინააღმდეგ ეფექტიანი ვაქცინის შექმნა რთულია, მეცნიერთა ნაწილი იმედოვნებდა, რომ COVID-19 შეიძლება კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევით დამარცხებულიყო; თუმცა, პროფესორი რუსტომ ანიტა აღნიშნავს, რომ ამას ეჭვქვეშ აყენებს ის გზა, რომლითაც აინფიცირებს კორონავირუსი ორგანიზმს.
„მრავალი რესპირატორული ინფექციის შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაქცინებმა ხანგრძლივი კოლექტიური იმუნიტეტი წარმოქმნან. კოლექტიური იმუნიტეტი მხოლოდ გარკვეული ხნით ძლებს და ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად იცვლება ვირუსი; ასევე იმაზე, რამდენად სწრაფად მიილევა იმუნიტეტი“, — აღნიშნავს პროფესორი ანიტა.
პრობლემის ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ კორონავირუსი მრავლდება როგორც ზედა, ისე ქვედა სასუნთქ გზებში.
„კარგი ცირკულაცია გვაქვს ფილტვებსა და სხეულში, მაგრამ არა ნესტოების ზედაპირზე. დაავადების გამწვავებას ვბლოკავთ იმის წყალობით, რომ ქვედა სასუნთქ გზაში გვაქვს ანტისხეულები“, — ამბობს ორეგონის ჯანდაცვისა და მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი მარკ სლიფკა.
ამიტომ, მაინც რჩება დაბალი დონის ინფექციების რისკი ზედა სასუნთქ გზებში.
COVID-19-ის ვაქცინები აუცილებლად განახლდება ვირუსის სხვადასხვა შტამთან საბრძოლველად; ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევართა განცხადებით, შემდეგი თაობის ვაქცინები შეიძლება ასევე ფოკუსირებული იყოს ცხვირისა და ფილტვების სველ ზედაპირებზე იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
იქამდე კი, მოუხელთებელი ვირუსისგან შეიძლება სწორედ ვაქცინის დამატებითმა, მესამე დოზამ დაგვიცვას.
მომზადებულია Wall Street Journal-ის მიხედვით.