ზიმბაბვეს პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ განცხადება არ გააკეთა.
სატელევიზიო გამოსვლაში, რომელშიც რობერტ მუგაბემ ქვეყნის მოსახლეობას მიმართა, 93 წლის ლიდერმა რამდენიმე პრობლემაზე ისაუბრა, მათ შორის ქვეყანაში არსებულ არეულობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტად მმართველი პარტიის ყრილობამდე დარჩება, რომელიც დეკემბერშია დაგეგმილი.
მანამდე Reuters-ი მთავრობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ მმართველმა პარტიამ ქვეყნის ლიდერი პოსტიდან გადადგომაზე დაითანხმა.
პარტიამ ყოფილ ლიდერს 24 საათი მისცა საკუთარი ნებით გადადგომისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტით დაემუქრა.
Reuters ასევე წერდა, რომ 93 წლის მუგაბე გადადგომის შესახებ განცხადებაზე მუშაობდა. სწორედ ამ განცხადების მოსმენას ელოდნენ ზიმბაბვეს პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვაში.
რამდენიმე საათის ადრე კი, ზიმბაბვეს პრეზიდენტი მმართველმა პარტიამ 37 წლიანი ლიდერობის შემდეგ ხელმძღვანელის პოსტიდან გადააყენა.
მისი ადგილი ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დაიკავა. ზიმბაბვეში სამხედრო დაუმორჩილებლობა სწორედ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან მოხსნას მოჰყვა. პარტია ასევე დაატოვებინეს რამდენიმე პოლიტიკოსსა და პირველ ლედის, გრეის მუგაბეს.
ეს უკანასკნელი ქმრის პოლიტიკურ მემკვიდრედ მიიჩნეოდა.