ზიმბაბვეს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის მეთაური ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ემერსონ მნანგაგვა გახდა. ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქ ჰარარეში სტადიონზე ჩატარდა. მნანგაგვამ ზიმბაბვეს კონსტიტუციის დაცვის პირობა დადო. ცერემონიის ფარგლებში სტადიონზე უკვე განხორციელდა საზეიმო გასროლა ქვემეხებიდან, რის შემდეგაც ემერსონ მნანგაგვა სიტყვით გამოვა.
ახალი პრეზიდენტის არჩევით ზიმბაბვეში რობერტ მუგაბეს 37 წლიანი ავტორიტარული მმართველობა დასრულდა. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობიდან თვის დასაწყისში სწორედ მუგაბემ გაათავისუფლა. მნაგაგვამ მმართველი პარტიისა და არმიის საშუალებით რობერტ მუგაბე აიძულა თანამდებობა დაეტოვებინა.
თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნიდან წავიდა და ზიმბაბვეში 22 ნოემბერს დაბრუნდა. ოპოზიცია ახალ პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ ზიმბაბვეში „კორუფციის კულტურა“ დაასრულოს.