სამყარო ძალიან სასტიკია და ხშირად, დაუცველობა ცხოველებს გადარჩენის კრეატიული გზების შემუშავებას აიძულებს.
ამის მაგალითია ზღვის ღრუბელი, სახელად Theonella conica. ეს უპრეტენზიო ცხოველი წითელ ზღვასა და ინდოეთის ოკეანეში გვხვდება და სხვა ღრუბლებისგან არაფრით გამოირჩევა — ფილტრავს ზღვის წყალს და ასე მოიპოვებს საკვებს. ის ადგილზეა მიმაგრებული და თავდაცვის ბევრი საშუალებაც არ გააჩნია, მაგრამ როგორც ირკვევა, მას გადარჩენის მომაჯადოებელი გზა გამოუმუშავდა.
ზღვის ღრუბლების სხეულში დაბინძურების აკუმულირების შესწავლისას, მეცნიერებმა მათში მძიმე ლითონ მოლიბდენის იმდენად მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს, რომ ეს სხვა ორგანიზმებისთვის ფატალური იქნებოდა.
„20-30 წლის წინ, ჩვენი ლაბორატორიის მკვლევრებმა ზანზიბარის მარჯნის რიფებიდან (ინდოეთის ოკეანე) იშვიათი ღრუბლის, Theonella conica-ს ნიმუშები შეაგროვეს და მათში მოლიბდენის მაღალ კონცენტრაციას მიაგნეს. ჩემს კვლევაში მსურდა გამერკვია, არის თუ არა ასეთი მაღალი კონცენტრაცია ეილათის ყურის ზღვის ღრუბლებშიც, სადაც ისინი 27 მეტრის სიღრმეში ბინადრობენ. მათი შეგროვებისა და შემადგენლობის ანალიზის შედეგად აღმოვაჩინე, რომ ისინი იმაზე მეტ მოლიბდენს შეიცავენ, ვიდრე სხვა ნებისმიერი ორგანიზმი დედამიწაზე — 46,793 მიკროგრამი მშრალი წონის ყოველ ერთ გრამზე“, — ამბობს თელ-ავივის უნივერსიტეტის ბიოლოგი შანი შოჰამი.
გარკვეული ოდენობის მოლიბდენი ადამიანებსაც გვჭრდება და სხვა ორგანიზმებსაც. ის გადამწყვეტი მნიშვნელობის ელემენტია, რომლის გამოყენებითაც, ჩვენი სხეული შლის წამლებს, ტოქსინებსა და სულფიტებს. ზედმეტი მოლიბდენი ჩვენთვის კარგი არაა და მით უფრო უარესია ცხოველებისთვის.
შოჰამსა და მის კოლეგებს სურდათ დაედგინათ, როგორ და რატომ შეძლო T. conica-მ ამდენი მოლიბდენის აკუმულირება და შენახვა.
პასუხს ღრუბლის ბაქტერიულ სიმბიონტში (სიმბიოზში მყოფი სხვა ორგანიზმი) მიაგნეს.
T. conica ზღვის ღრუბელია და შესაბამისად, ძლიერ მარტივი ორგანიზმია. არ აქვს ორგანოები, ქსოვილები და არც ნერვული სისტემა. ფუნქციონირებისთვის დამოკიდებულია სხვა ორგანიზმებთან სიმბიოზურ ურთიერთობებზე, მათ შორის, ბაქტერიებთან, სოკოებთან, წყალმცენარეებთან და ვირუსებთან. მისი სხეულის მასის თითქმის 40 პროცენტს ასეთი სიმბიონტი ორგანიზმები შეადგენს.
სიმბიონტები არის ორგანიზმები, რომლებიც ერთობლივად ცხოვრობენ გრძელვადიან ურთიერთობაში, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლოა (პარაზიტული ურთიერთობისგან განსხვავებით, რომელშიც სარგებელი მკაფიოდ აქვს ერთ მხარეს).
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ T. conica-ში ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი ბაქტერია ღრუბლის სხეულიდან მძიმე ლითონების დეტოქსიკაციას ახდენს. მისი სახელია Entotheonella sp. და ეს ბაქტერია რამდენიმე სხვა ღრუბელშიც გვხვდება. ცნობილია, რომ ის გამოიმუშავებს ბიოაქტიურ ნაერთთა ფართო სპექტრს.
Entotheonella sp.-ში შოჰამმა და მისმა კოლეგებმა იპოვეს მასალების შეჯგუფებები, რომლებშიც ძლიერ მაღალი იყო მოლიბდენის შემცველობა.
როდესაც მოლიბდენის კონცენტრაცია მის წყალში ხსნადობაზე მაღალია, ეს ლითონი ტოქსიკურია. მკვლევართა აზრით, ბაქტერია მოლიბდენს აგროვებს და მოლიბდენის ნაერთად გარდაქმნის, მაგალითად, კალციუმის მოლიბდატად და ნატრიუმის მოლიბდატად.
„ბაქტერიები სულ უფრო და უფრო მეტ მოლიბდენს აგროვებენ და ტოქსიკური ხსნადი მდგომარეობიდან მინერალურში გარდაქმნიან. დაზუსტებით არ ვიცით, რატომ აკეთებენ ასე“, — ამბობს შოჰამი.
მისი აზრით, მოლიბდენი ზღვის ღრუბელს იცავს, რადგან სხვა ორგანიზმებისთვის ნიშნავს იმას, რომ მას არ უნდა შეეხონ. ამ სერვისის საპასუხოდ, ღრუბლები ბაქტერიებს არ ჭამენ და მასპინძლობას უწევენ.
აღმოჩენა მიუთითებს, რომ ზღვის ეს ღრუბლები და მათი სიმბიონტები შეგვიძლია დაბინძურების პრობლემასთან ბრძოლაში გამოვიყენოთ. რამდენიმე წლის წინ, მონათესავე სახეობა Theonella swinhoei-ში მაღალი კონცენტრაციით ბარიუმი და დარიშხანი აღმოაჩინეს.
„ამ შემთხვევაშიც, Entotheonella მძიმე მეტალების აკუმულირებას ახდენს და მათ მინერალებად გარდაქმნის, შესაბამისად, ანეიტრალებს ტოქსიკურობას. ამ ბაქტერიებზე კვლევის გაგრძელება მნიშვნელოვანია, რადგან დარიშხანით დაბინძურებული წყალი არის სერიოზული პრობლემა ჯანმრთელობისათვის და ამ საფრთხის ქვეშ მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი ადამიანია“, — განმარტავს კვლევის ავტორი, თელ-ავივის უნივერსიტეტის ბიოლოგი შანი შოჰამი.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.