ზღვის ფსკერის ქვეშ, დახურულ ღრმულებში, ცხოველთა საზოგადოებები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ზღვის ფსკერის ქვეშ, დახურულ ღრმულებში, ცხოველთა საზოგადოებები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ოკეანის ფსკერის ქვეშ, მალულ ღრმულებში, სრულ წყვდიადში, ჰიდროთერმული აქტივობის შედეგად წარმოქმნილ ოაზისებში მრავალუჯრედიან ცხოველთა მთელი საზოგადოებები საუკეთესო ცხოვრებით ცხოვრობენ.

აღმოჩენა მიუთითებს იმაზე გაცილებით კომპლექსურ ჰიდროთერმულ ეკოსისტემაზე, ვიდრე ჩვენთვისაა ცნობილი, მუდმივ წყვდიადში ჩაფლულ ოკეანის სიღრმეებში, სადაც უკიდურესი წნევა და ძლიერი სიცივე ზედაპირზე, ჰაერის ბინადართათვის ძლიერ არახელსაყრელ გარემო პირობებს ქმნის.

„გაოცებული დავრჩით, რადგან არაფერი ვიცოდით, იქ თუ ასეთი ღრმულები იყო. ეს ღრმულები გეოლოგებს ადრე აღწერილი ჰქონდათ, მაგრამ არ უნახავთ ცხოველები. თუმცა, როდესაც ჩვენ, ბიოლოგებმა ფსკერის ნიმუშები შევაგროვეთ, ზედაპირი ჩაინგრა და გამოჩნდა ღრმულები, სადაც ცხოველები იყვნენ“, — ამბობს ვენის უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგი მონიკა ბრაითი.

აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის ამოზნექილობაზე, ზედაპირიდან 2515 მეტრის სიღრმეში არსებობს ჰიდროთერმულ ღრმულთა ველი, რომელიც ადამიანთათვის ძნელად მისაწვდომია. თუმცა, ზღვის ფსკერის ეს ვულკანურად აქტიური ზონა გადაჭედილია ხვრელებით, რომლებიდანაც ჟონავს სითბო და მინერალები და უზრუნველყოფს ქემოსინთეზურ ბაზისს საზღვაო კვების ჯაჭვისთვის.

ვინაიდან ეს გარემო ძლიერ არასტუმართმოყვარეა, ასევე ძნელია მათი შესწავლა, რის გამოც, მწირია ჩვენი ცოდნა მათი ბუნების შესახებ. თუმცა, ბოლო წლებში, დისტანციურად მართვადი ტექნოლოგიების წყალობით, მათი მრავალი საიდუმლო ამოვხსენით.

ბრაითმა და მისმა კოლეგებმა კვლევითი გემით, სახელად Falkor, ასეთი მისია განახორციელეს. აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის ამოზნექილობის ხვრელების შესასწავლად, მათ სიღრმეში დისტანციურად მართვადი აპარატი SuB-astian-ი ჩაუშვეს, რომელმაც იქაურობა გადაიღო და ნიმუშები აიღო. მკვლევრები სულ არ ელოდნენ, რომ ზღვის ფსკერი ჩაინგრეოდა და ქვეშ ღრმულები აღმოჩნდებოდა.

ეს ღრმულები ზღვის ფსკერის ქვეშ დაახლოებით 10 სანტიმეტრზე იყო. ამოვსებული იყო წყლით, რომელიც ვულკანური აქტივობის გამო თითქმის 25 გრადუსამდე იყო გამთბარი. მათში სულ მცირე 10 სახეობის ცხოველის დოკუმენტირება მოხდა; მათ შორის იყო ჭიები (Nereis sandersi), ზღვის ლოკოკინები, გიგანტური მილისებრი ჭიები (Riftia pachyptila).

ზოგიერთი ეს ჭია ზედაპირზე და ლავის ნაპრალებშიც იპოვეს, რაც მიუთითებს კავშირზე ზღვის ფსკერსა და მის ქვეშ არსებულ ღრმულებს შორის.

„დიდი მილისებრი ჭიების აღმოჩენა ნიშნავს იმას, რომ დადასტურდა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ლარვას ღრმულების ქვეშიდან კოლონიზება შეუძლია. შესაბამისი გარემოს არსებობისას, ზოგიერთი ზედაპირქვეშ სახლდება, ზოგი კი ღრმულიდან დინებას მაღლა ამოსდევს და ზედაპირის კოლონიზებას ახდენს“, — ამბობს ბრაითი.

ზოგიერთ ღრმულში გარემო პირობები ძლიერ ჰგავს იმას, რაც ზღვის ფსკერზე არსებულ ღრმულთა გარშემოა; ეს კი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ზედაპირქვეშა საზოგადოებები საკმაოდ ვრცელია. შეიძლება ნიშნავდეს იმასაც, რომ ღრმულების საზოგადოებები შეიძლება ჰიდროთერმულ ღრმულთა კოლონიზების წყარო იყოს ვულკანურ ამოფრქვევათა შემდეგ.

ამჟამად უცნობია, რამდენად ბევრია ან რამხელებია ეს ღრმულები.

„ახლა შემდეგ ნაბიჯებზე ვფიქრობთ. მაგალითად, დისტანციურად მართვადი აპარატების ისეთი ხელსაწყოების შექმნაზე, რომლებიც ზღვის ფსკერს უფრო ღრმად გაბურღავენ და იქაურობას ვერტიკალურ განზომილებაში შეისწავლიან. ამის შემდეგ შეიძლება ჰორიზონტალური მიმართულებით კვლევების დაწყებაც“, — ამბობს კვლევის ავტორი, ამბობს ვენის უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგი მონიკა ბრაითი.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.