ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 15 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახალი გზა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ სოფელ როდინაულის მოსახლეობასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
„სოფელ როდინაულის მაცხოვრებლებს გაუადვილდებათ გადაადგილება სოფლის ტერიტორიაზე და ზესტაფონის ადმინისტრაციულ ცენტრთან დასაკავშირებლად გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდებათ. აღნიშნული გზის მონაკვეთი, რომელიც სოფელს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებდა, ფაქტობრივად გაუქმებული იყო და მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებდა. პროექტის შედეგად, აქ გაკეთდა მიწის ვაკისის აღდგენა, კიუვეტების გაწმენდა და მოწყობა. დაიგო ბეტონის საფარი, მოხდა გზის მიერთებების მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ასევე, მდინარე ყვირილაზე გამავალი არსებულ ხიდს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები“, – ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და მისმა საერთო ღირებულებამ 6 მილიონ ლარამდე შეადგინა.