დააბრუნებს თუ არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი ეროვნულ ლიგაში საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს”, ხვალ გაირკვევა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ხვალ, 11:00 საათზეა დაგეგმილი.
სფფ-ს ცნობით, სხდომის დღის წესრიგი რამდენიმე საკითხს მოიცავს – 1. საქართველოს 2018 წლის XXX ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის XXIX გათამაშების დებულების დამტკიცება; 2. კლუბების ლიცენზირების საკითხი; 3. „ზესტაფონის“ წერილი და 4. სხვადასხვა.
რეალურად გაირკვევა, დააბრუნებს თუ არა ეროვნულ ლიგაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს”.
“ზესტაფონის” საკითხი ბოლო აღმასკომზე უნდა განეხილათ, თუმცა გუნდის პრეზიდენტი და მფლობელი, ილია კოკაია არ გამოცხადდა, კლუბის იურისტი კი, სხდომაზე არ დაუშვეს და საკითხიც არ განხილულა. მოგვიანებით, ილია კოკაიამ განაცხადა, რომ არსებული ვითარება ქართულ ფეხბურთში დაბრუნების სურვილს უკარგავს. სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა კი, კოკაიას პასუხად განაცხადა, რომ მას ქართულ ფეხბურთში დაბრუნება თავად არ სურს.
ზესტაფონელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებას ელიან – ხვალისთვის დანიშნული აღმასკომის სხდომის შემდეგ გაირკვევა, რომელ ლიგაში იასპარეზებს “ზესტაფონი”. ცოტა ხნის წინ, კლუბმა სფფ-ს მიმართა, რომ გამონაკლისის წესით, გუნდი რეგიონულ ლიგაში დაეშვათ, რადგან “ლოკომოტივი 2”-მა მონაწილეობაზე უარი განაცხადა და 40 გუნდის ნაცვლად, 39 კლუბი დარჩა.
ამასთან, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის“ ახალი ფორმაციის პირველი გუნდი მოახლოებული სეზონის სტარტისთვის მზადებას განაგრძობს. 13 თებერვალს, გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა – „ზესტაფონის“ ბაზაზე მათ ეროვნული ლიგა-3-ის „ბორჯომთან“ 1:2 წააგეს.