ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტში, ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს როგორც გზის რეაბილიტაციას, ასევე ავტოსადგომისა და ეკლესიამდე მისასვლელი ბილიკის მოწყობას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან, შალვა კერესელიძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის მიზანია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 2.5 მილიონი ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.