„ზე რაგბის“ 2018 წლის სეზონი დასრულდა და უკვე შეგვიძლია თითოეულ პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშეებზე ვისაუბროთ. პოპულარულმა სარაგბო გამოცემა „პლანეტრაგბიმ“ საინტერესო თხუთმეტეული შემოგვთავაზა. უცნაურია, მაგრამ გუნდში ჩემპიონი ქრუსეიდერსისგან მხოლოდ ორი მორაგბე მოხვდა.
სეზონის საუკეთესო მოთამაშეები პოზიციების მიხედვით –
15 ისრაელ ფოლაუ(ვორათასი) – ისრაელ ფოლაუ წლევანდელ სეზონშიც უდავოდ საუკეთესო ავსტრალიელი უკანახაზელი იყო. ფულბეკმა სეზონი 11 ლელოთი დაასრულა.
14 ბენ ლემი (ჰარიქეინსი) – ახალ ზელანდიელ ფრთას კარიერის საუკეთესო სეზონი ჰქონდა. 2018 წლამდე მან საუკეთესო ფორმაში ვერც ერთი კამპანია ვერ ჩაატარა, თუმცა ჰარიქეინსში გადასვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. მან წელს 16 ლელო დადო, რაც „ზე რაგბის“ რეკორდია და ხშირად ხვდებოდა ყოველკვირეულ თხუთმეტეულში.
13 ჯეკ გუდჰიუ (ქრუსეიდერსი) – გუდჰიუს საუკეთესოთა შორის მოხვედრა გარდაუვალი იყო. ახალგაზრდა მორაგბე დაცვაში საუკეთესო იყო და საკუთარი სარაგბო უნარები შეტევაშიც არაერთგზის გვაჩვენა.
12 ქორთლი ბილი (ვორათასი) – ქორთლი ბილი „ზე რაგბიში“ ხმაურიანად დაბრუნდა. წელს ის საკუთარ პოზიციაზე უდავოდ გამორჩეული იყო და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ მისმა გუნდმა მე–16 პოზიციიდან მესამეზე აინაცვლა.
11 ტაქელი ნაიარავორო (ვორათასი) – საუკეთესოთა გუნდში ვორათასის მესამე წარმომადგენელი ნაიარავოროა. მან სეზონი 15 ლელოთი, 42 ხაზის გაჭრით და 1478 მოპოვებული მეტრით დაასრულა. მომავალი სეზონიდან ის ინგლისურ ნორსჰემფთონ სეინტზში გადავა და ახლა უკვე პრემიერშიფის უკანახაზელებს დასცემს შიშის ზარს.
10 რიჩი მო’უნგა (ქრუსეიდერსი) – მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მო’უნგამ სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, იგი ჩვენს გუნდში მაინც მოხვდა. მო’უნგა მგეზავის პოზიციაზე უდავოდ საუკეთესო იყო, თან ისეთ მორაგბეებს აჯობა, როგორიც ბოდენ ბარეტი და ჰეიდენ პარკერი არიან. წლევანდელი სეზონის შემდეგ მას ახალი ზელანდიის ნაკრებში თამაშის საკმაოდ კარგი შანსი გაუჩნდა.
9 აარონ სმიტი (ჰაილენდერსი) – ახალი ზელანდიის ცხრა ნომერმა წლევანდელი სეზონიც უმაღლეს დონეზე ჩაატარა. სმიტი, როგორც ყოველთვის დანედინური კლუბის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო.
8 აკირა იოანე (ბლუზი) – ბლუზს 2018 წელსაც სუსტი სეზონი ჰქონდა მე–14 პოზიცია დაიკავეს, მაგრამ იოანემ მაინც დაიმსახურა საუკეთესო მორაგბეთა შორის მოხვედრა. იგი 74 მორაგბეს გასცდა და ბურთის მიღებისას ხიფათს მუდმივად ქმნიდა.
7 დევიდ პოქოქი (ბრამბისი) – ავსტრალიელთა ყოფილი კაპიტანი რაგბიში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ წლევანდელი „ზე რაგბის“ მე–7 ტურიდან ჩაერთო. პოქოქი ძველებურად ერთ–ერთი საუკეთესო იყო რაქებში, თუმცა არც ბურთის წაღებასა და დაცვაში თამაშში ჩამორჩებოდა ვინმეს.
6 ლუქ ჯეიქობსონი (ჩიფსი) – ჯეიქობსონის თამაში ქართველ გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება, რადგან 2017 წელს თბილისში გამართულ მსოფლიო თასზე ტრიუმფატორი ახალი ზელანდიის კაპიტანი სწორედ ის იყო. ახალგაზრდა მორაგბეს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ საკუთარი ნაკრების მორიგი ლეგენდა გახდეს.
5 ფრანკო მოსტერტი (ლაიონსი) – სამხრეთ აფრიკელი მეორე ხაზელი ფინალისტების შემადგენლობაში ერთ–ერთი საუკეთესო იყო. მან წლის მანძილზე 87 დერეფანი მოიგო, 234 ბოჭვა გააკეთა და ამ სტატისტიკის მიხედვით საუკეთესოთა შორის მოხვედრა დაიმსახურა
4 ბროდი რეტალიკი (ჩიფსი) – ოლ ბლექსის მხტომელისგან სხვას არც არაფერს უნდა ველოდეთ. რეტალიკი წელს ჩიფსის უდავო ლიდერად ჩამოყალიბდა და ჩვენს თხუტმეტეულშიც დაიმსახურა ადგილი
3 ტანიელა ტუპო (რედსი) – ბრედ სორნის გაწვრთნილი ტონგელი თორი წლევანდელ სეზონში ძალიან გაიზარდა. მას ბურთით ხელში თამაში და უპირატესობის ხაზის გადაკვეთა ყოველთვის შეეძლო, თუმცა 2018–ში მან შერკინებაში და დაცვაში თამაშსაც მოუმატა.
2 მალკოლმ მარქსი (ლაიონსი) – კვაჭის პოზიციაზე საკამათო ბევრი არაფერია. მალკოლმ მარქსი არა მარტო საუკეთესო კვაჭი, არამედ ბევრის აზრით სეზონის საუკეთესო მორაგბეც იყო. ის როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს ასრულებდა და საკუთარი გუნდის ფინალში გასვლაში უდიდესი როლი ითამაშა.
1 ჯაქ ვან როიენი (ლაიონსი) – პირველ ხაზში მარქსს პარტნიორობას სწორედ ვან როიენი უწევდა და საკუთარ პოზიციაზე ისიც სხვებისგან გამორჩეული იყო. მისი საუკეთსო თხუთმეტეულში მოხვედრა შემთხვევითი ნამდვილად არაა.