სამხრეთმა ჩრდილოეთი ვილ ჯორდანის ლელოთი დაამარცხა [ვიდეო]

ახალ ზელანდიაში ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულების ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა „ოლ ბლექსში“ (All Blacks) მოხვედრის კანდიდატებმა მიიღეს და ბევრის აზრით, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იან ფოსტერი სელექციისას დიდწილად სწორედ ამ მატჩით იხელმძღვანელებს.

შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და მისი მოგება სამხრეთელებმა ბოლო გათამაშებით დადებული ლელოთი მოახერხეს. მატჩის მესამე წუთზე ჩრდილოეთი რეიკო იოანეს ლელოთი დაწინაურდა. მიუხედავად ადრეული ჩამორჩენისა, სამხრეთი თამაშში მალევე დაბრუნდა: ლაულალას ლელოს ბარეტის გარდასახვა და საჯარიმო დარტყმა მოჰყვა – 7:10.  ამ დროიდან ტაიმის დასრულებამდე მაყურებელმა ორი ფულბეკის, დამიენ მაკკენზისა და ჯორდი ბარეტის დუელი იხილა. მე-18 წუთზე ჩრდილოეთი მაკკენზის ლელოთი გავიდა წინ, რომელსაც ბარეტმა ტაიმის დასრულებამდე ცხრა წუთით ადრე  ლელოთივე უპასუხა და სამხრეთ კუნძულელებმა პირველი ნახევარი სამ ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 14:17 მოიგეს.

მეორე ნახევარის დაწყებიდან ჩრდილოელთა შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა – აარონ სმიტი, რომელიც ნაკრების ძირითად ცხრა ნომრად მიიჩნევა, დღევანდელ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მოედანზე ტი ჯეი პირენარას ნაცვლად გამოჩნდა. სწორედ მან დადო მეორე ტაიმის პირველი ლელო და ჩრდილოეთი კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ – 21:17.

იან ფოსტერი ფულბეკის პოზიციაზე მხოლოდ მაკკენზისა და ბარეტს შორის არ ირჩევს. მესამე კანდიდატი – „ქრუსეიდერსის“ 15 ნომერი ვილ ჯორდანია, რომელიც ამ მატჩში გარემარბის პოზიციაზე თამაშობდა და საბოლოოდ მატჩის ბედი მისმა მოქმედებებმა გადაწყვიტა. პირველი მნიშვნელოვანი უპირატესობა სამხრეთმა ჯორდანის და ლომექსის ლელოებით მოიპოვა და 62-ე წუთისთვის ათ ქულიანი სხვაობით დაწინაურდა. ჩრდილოეთს ანგარიშში სხვაობის შესამცირებლად მცირე დრო დასჭირდა – რეიკო იონაემ დუბლი 66 წუთზე გაიფორმა. 71-ე წუთზე ისინი ეშ დიქსონმა დააწინაურა. მაკკენზიმ ორივე შემთხვევაში ზუსტად დაარტყა გარდასახვა. სამხრეთმა მაინც მოიახერხა გამარჯვება, თანაც დაპირისპირების ბოლო შეტევით. უკვე 84-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ჯოშ იოანემ მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონაში ბურთი კიდისკენ გადაკიდა. მის გადაცემას ადგილზე ვილ ჯორდანი დაუხვდა, ბურთს ჰაერში დაეუფლა და გამარჯვების ლელო დადო.

ჩრდილოეთ კუნძული 35:38 სამხრეთ კუნძული

ლელოები: 

ჩრდილოეთი – იოანე 2 (3, 66), მაკკენზი (18), სმიტი (46), დიქსონი (71).

სამხრეთი – ლაულალა (7), ბარეტი (31), ჯორდანი 2 (58, 84), ლომაქსი (61).